LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულში ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი მოსწავლეებისთვის ახალი სკოლა აშენდება

51701472_4_4f01046e

სოფელ წოფში სულ მალე ახალი სკოლა აშენდება. გამოცხადებული ტენდერი რამდენიმე დღეში დასრულდება, რის შემდეგაც მშენებლობა დაიწყება.

ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, არსებულ სკოლაში, მოსწავლეებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

სახელმწიფო მინისტრი რამდენიმე გაკვეთილს დაესწრო და აღნიშნა, რომ ამ გამორჩეულ სოფელში ახალი სკოლა თანამედროვე სტანდარტების იქნება.

„ეს გამორჩეული სოფელია, ვინაიდან აქ ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი ჩვენი თანამოქალაქეები უკვე დიდი ხანია ერთად ცხოვრობენ. თავადვე ამბობენ, რომ ერთი ოჯახივით. ეს ძალიან კარგი ტრადიციაა. რეალურად, ესაა სახე ჩვენი სამშობლოსი -საქართველოსი და ჩვენი მთავარი ამოცანაც, რომ საზოგადოების კონსოლიდაცია და ინტეგრაცია მოხდეს იმ მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის პრინციპების დაცვით, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამყარებულია. სოფელი წოფი არის ამის თანამედროვე მაგალითი და გამოხატულება. ამ სკოლაშიც სომეხი და აზერბაიჯანელი ბავშვები ერთად სწავლობენ.  

ამ ადგილიდან კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ ის, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა და ნებისმიერი მოქალაქის ქმედებები თუ  განცხადებები სწორედ სამოქალაქო ინტეგრაციის ამოცანებს უნდა ემსახურებოდეს. ნებისმიერი სხვა რამ, რაც ამ ამოცანების წინააღმდეგაა მიმართული ან რამენაირად საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანს – წინსვლასა და განვითარებას, სრულიად მიუღებელია. ამავე კონტექსტში, ცხადია, ნებისმიერი გარე, პრობლემური და თუნდაც მნიშვნელოვანი, მაგრამ სენსიტიური თემის შიდა კონტექსტში შემოტანა და პოლიტიზირება, რა თქმა უნდა, დაუშვებელია. საერთო მიზნებისაკენ -სამოქალაქო ინტეგრაციის, საზოგადოებრივი კონსოლიდაციისა და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისკენ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით უნდა ვიმოძრაოთ,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.  

სოფელ წოფში 740 კაცი (203 ოჯახი) ცხოვრობს. 1947 წელს აშენებულ სკოლაში ეთნიკურად აზერბაიჯანელები და სომხები ერთად სწავლობენ. ამ სკოლაში ფუნქციონირებს, როგორც აზერბაიჯანულენოვანი, ასევე სომხურენოვანი სექტორი. სკოლაში 75 მოსწავლე სწავლობს, აქედან 62 აზერბაიჯანულ სექტორზე, ხოლო სომხურზე – 13. რაც შეეხება მასწავლებლებს, სკოლაში სულ 28 მოქმედი პედაგოგია.

ამ ეტაპზე სკოლა ავარიულია. 17 საკლასო ოთახი სრულად დანგრეულია. დაარსებიდან სკოლა არცერთხელ არ გარემონტებულა, რაც განსაკუთრებით პრობლემური საკითხი ზამთარშია.

სახელმწიფო მინისტრმა პირველკლასელ მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. დაიგეგმა მოსწავლეების გაცნობითი ტური თბილისში, რომლის ფარგლებში, ისინი სახელმწიფო უწყებებსაც ესტუმრებიან.

სკოლაში ვიზიტის შემდეგ, სახელმწიფო მინისტრი სოფლის მოსახლეობასაც შეხვდა. ციხელაშვილმა მათაგან სოფლის საჭიროებებზე, განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და მათ წინაშე მდგარ გამოწვევებზე მიიღო ინფორმაცია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g