მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის მოწინააღმდეგეების ინფორმაციით, გვიან ღამით, მშენებლობის მოწინააღმდეგეებს კარავში დაესხნენ თავს, დაჭრილია ორი მამაკაცი.
დაჭრილი მამაკაცები ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში არიან გადაყვანილი. გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.
ადგილობრივების ინფორმაციით, კარავში მყოფი პირები ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის ინვესტორთან დაახლოებულმა პირმა დაჭრა.
მომხდართან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.
„სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძმები – 1979 წელს დაბადებული გ.ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხოლო 1983 წელს დაბადებული გ.ხ. მუქარის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.ხ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელი 1991 წელს დაბადებული მ.ბ. დაჭრა, შემთხვევის დროს დაზიანება მიიღო 1992 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მაც. ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულები, ცივი იარაღისა და სანადირო თოფის დემონსტრირებით ადგილობრივებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.
ორივე ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და მუქარას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მარტვილის მუნიციპალიტეტში ბალდის კანიონის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა ერთი წელია რაც კანიონზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას ითხოვს.