ყველა კატეგორიის მართვის მოწმობას 100 ქულა მიენიჭება და პატრულის მიერ დაჯარიმების შემთხვევაში ქულათა გარკვეული რაოდენობა დააკლდება. “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში დაგეგმილი შესაბამისი ცვლილებების განხილვას პარლამენტი დღეს იწყებს.
ცვლილებების მიხედვით, თუ ქულათა რაოდენობა ნულამდე ჩამოვა, მართვის მოწმობის მფლობელს მოწმობა გაუუქმდება და გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს.
“ყველა მართვის მოწმობას მიენიჭება 100 ქულა განურჩევლად კატეგორიისა. მძღოლებს იმ ცხრილის მიხედვით, რაც წინასწარ იქნება დადგენილი და რომელშიც აისახება ჯარიმების შესახებ ინფორმაცია (ამაში არ იგულისხმება ვიდეოჯარიმა, არამედ საუბარია უშუალოდ პატრულის მიერ გამოწერილ ჯარიმაზე, მაგალითად, ტელეფონზე საუბრისთვის) დააკლდებათ ქულები.
სანამ ქულა ნულამდე ჩამოვა, მანამდე მოგივათ მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც გამცნობთ, რომ თქვენი ქულა მცირდება, ხოლო როდესაც ნულზე ჩამოვა, მოგივათ sms, რომ მართვის მოწმობა გაგიუქმდებათ”, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა დეკემბრის დასაწყისში, შესაბამისი პაკეტის პრეზენტაციაზე.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, პირს მოწმობის გაუქმებიდან მხოლოდ ორი თვის შემდეგ შეეძლება მიმართოს მომსახურების სააგენტოს, გამოცდის თავიდან ჩაბარებისა და მართვის მოწმობის ხელახლა აღების მიზნით.
პარლამენტი ავტომობილებთან და საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას დღეს იწყებს.
ამ თემაზე პირველი საკომიტეტო სხდომა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დანიშნა, რომელიც დღეს, პარლამენტში გაიმართება. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას კომიტეტის წევრებს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი წარუდგენს.