საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ ლარის კურსმა ბუნებრივ ნიშნულზე დაბრუნება დაიწყო.
„მას შემდეგ, რაც მოიხსნა პანიკური განწყობები, რეგულაციები შემცირდა, ტურისტული ნაკადები წამოვიდა და ა.შ, დავინახეთ, რომ სპეკულაციური კურსი ყოფილა და დაიწყო დაბრუნება იმ ბუნებრივ ნიშნულზე, რომელიც ეფექტურ გაცვლით კურსს უკავშირდება. დაახლოებით იმ მიდამოებში გვაქვს ახლა, რომელიც წესით ისედაც უნდა ყოფილიყო. იმაზე მეტად იყო ლარი გაუფასურებული, ვიდრე თეორიულად შეიძლება, ყოფილიყო“, – ამბობს ლევან ვეფხვაძე.
მისივე თქმით, ასევე ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის დაჩქარებული ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც რეგულაციების მოხსნის მერეა.
„თუკი ვიზიტორების რაოდენობამ იმატა, თუკი ფულადი გადმორიცხვები გაიზარდა, ანუ ვალუტის შემოსვლა გაიზარდა ქვეყანაში, ეს ოპტიმისტურ განწყობას ქმნის, რომ ლარის კურსი არ გაუარესდება“, – დასძინა ვეფხვაძემ.