LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასობრივ იმუნიზაციაზე, დიდი ალბათობით, ივლისიდან გადავალთ: გამყრელიძე

94
ამირან გამყრელიძე

“ე.წ. მასობრივ იმუნიზაციაზე ჩვენ, დიდი ალბათობით, ივლისიდან გადავალთ.” – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები და ქვეყანაში არა მხოლოდ ჩინეთის, არამედ სხვა ქვეყნების წარმოების ვაქცინაც შემოვა.

როგორც ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, გუშინ მიიღეს კონტრაქტი “ნოვავაქსი”“ ვაქცინაზე, რომელთანაც უკვე, დაახლოებით, ორი თვეა მოლაპარაკებები მიმდინარეობს:

“იქნება არამარტო ჩინეთის წარმოების ვაქცინა. ჩვენ ე.წ. მასობრივ იმუნიზაციაზე გადავალთ დიდი ალბათობით, ივლისიდან. მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები. გუშინ მოვიდა კონტრაქტი მეორე ვაქცინაზე, ეს არის “ნოვავაქსის” ვაქცინა, რომელთანაც უკვე დაახლოებით ორი თვეა მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ეს არის ამერიკული კომპანია და მის მიერ წარმოებული ვაქცინა განსხვავდება პრინციპით დღეს არსებული “ასტრაზენეკას”, “მოდერნას”, “ფაიზერის” ან ჩინურის ვაქცინისგან, ცოტა სხვა პრინციპზეა დამყარებული მისი წარმოება.”

“ნოვავაქსი” არის ვაქცინების უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში. ჩვენ გარდა “კოვაქსისა”, პირდაპირი მოლაპარაკება გვაქვს “სერუმ ინსტიტუტთან” და ახლა მიმდინარეობს საუბარი დაახლოებთ მილიონი დოზა “ნოვავაქსის” შესყიდვაზე. გარდა ამისა, ქვეყანა აწარმოებს პირდაპირ მოლაპარაკებებს „ფაიზერთან“, არა „კოვაქსის“ გავლით, არამედ პირდაპირ „ფაიზერის“ შესყიდვასთან დაკავშირებით. ველოდებით „ფაიზერისგან“ მოწოდების პირობებს და ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ჯონსონ & ჯონსონთან“. ამ წლის განმავლობაში სხვადასხვა ვაქცინები გამოჩნდება ქვეყანაში.” – თქვა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, ჯანდაცვის სექტორის სურვილია, ივლისიდან დიდ ქალაქებში, როგორიცაა თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, შეიქმნას მასობრივი აცრების ცენტრები, რომელთა გამტარუნარიანობაც დღიურად 3000-4000 აცრა იქნება.

მისივე განმარტებით, მასობრივი იმუნიზაცია სავალდებულო ვაქცინაციას არ გულისხმობს.

შეგახსენებთ, საქართველში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. დღეიდან ქვეყანაში იმუნისაციის პროცესში “ასტრაზენეკასთან” ერთად, “ფაიზერის” ვაქცინაც ერთვება. 

ვაქცინაციის პროგრამის დაწყებიდან დღემდე, დილის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში სულ 5 706 მოქალაქე აიცრა.

გასული დღე ღამის განმავლობაში, ვაქცინა გაიკეთა 782-მა ადამიანმა.

 

magti 5g