მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჭალაადის ტერიტორიაზე, მდინარის ადიდების შედეგად განადგურდა „მესტიაჭალა 1-ის“ინფრასტრუქტურის ნაწილი და ათამდე მანქანა.
როგორც მერიაში განაცხადეს, მდინარე ჭალაადის ადიდების შედეგად წყალსადენი მილები დაზიანდა, რის გამოც დაბა მესტიის მოსახლეობის ნაწილს წყალი არ მიეწოდება.
„მდინარე გადმოვიდა კალაპოტიდან, ეს არის ჭალაადის ტერიტორია. ტურისტულად აქტიური ტერიტორიაა, თუმცა არ ამ პერიოდისთვის არ გყავდა ტურისტები დიდი რაოდენობით. მსხვერპლი არ არის, თუმცა ათამდე მანქანა განადგურდა, რისი დათვლაც ჩვენ მოვახერხეთ. განადგურებულია ხიდი, რომელიც „მესტიაჭალა1-ის“ საკუთრება იყო, ასევე განადგურებულია აღნიშნული ჰესის ინფრასტრუქტურა.
გარდა ამისა, მდინარის ადიდებამ გამოიწვია წყალსადენი მილების დაზიანება, რის შედეგადაც დაბა მესტიის მოსახლეობის 70% არ მიეწოდება წყალი. ამ წუთებშიც წვიმს. ჩვენი იქ ყოფნისას ორჯერ იკლო წყლის დონემ და კვლავ იმატა. საბედნიეროდ, წყალი მოსახლეობასთან ახლოს არ არის და არც მოქალაქეები იმყოფებიან იმ ადგილას. ამ მომენტისთვის ყველა გაყვანილია. მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან მაშველები და პოლიციის თანამშრომლები“, – აცხადებენ მერიაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ხევში ჩარჩენილი ტურისტები უსაფრთხო ადგილას გადმოიყვანეს.