LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე და ირმამ 15 სიმღერა გავაკეთეთ ერთად, რომელთა უმეტესობა დღემდე პოპულარობით სარგებლობს” – ირმა სოხაძე და ნუგზარ ჩხაიძე „არტ-FM’’-ში

7
ირმა-სოხაძე,-ნუგზარ-ჩხაიძე

7 ნოემბერს რადიო „ფორტუნას’’ გადაცემას „არტ-FM’’-ს ირმა სოხაძე და ნუგზარ ჩხაიძე სტუმრობდნენ ახალი სიმღერის პრემიერით.

 ახალი სიმღერა 

(ირმა სოხაძე) სიმღერა 1990-იან წლებში შეიქმნა ბათუმში, სადაც გადაღებაზე ვიყავით. ტექსტი თვითონ მოვიფიქრე ნუგზარის მუსიკაზე, მერე კი, დუეტში ჩავწერეთ. ძალიან საინტერესო საავტორო ნამუშევარი გამოვიდა და მართალია, მხოლოდ ერთხელ გაჟღერდა ეთერში, მაგრამ ყველას ძალიან მოეწონა. სხვათა შორის, მე და ნუგზარი ძალიან დიდი ხნის კოლეგები და მეგობრები ვართ, ამიტომ ყველა ჩემი კონცერტი და გადაცემა სწორედ მისი რეჟისურით იდგმება.

 

(ნუგზარ ჩაიძე) მოგვიანებით სიმღერით ზაზა ხუციშვილი დაინტერესდა. ჩემი  კასეტა ვაჩუქე, რამდენიმე დღის შემდეგ კი, დამირეკა და უფლება მთხოვა კომპოზიციის ჩაწერაზე. იმ პერიოდში ზაზა ახალ ალბომზე მუშაობდა, რომელშიც 10 ჰიტის გაერთიანებას გეგმავდა, ამიტომ ძალიან გამიკვირდა როცა ჩვენი ახალი და ნაკლებად ცნობილი კომპოზიციით დაინტერესდა, თუმცა, ძალიან კარგი ვერსია გამოვიდა ‘’ვაკის პარკის’’ და მერაბ სეფაშვილის შესრულებით.

სამომავლო გეგმები 

(ნუგზარ ჩაიძე) წინასწარ არ მიყვარს ლაპარაკი, მირჩევნია გავაკეთო და მერე ვისაუბრო საკუთარ ნამუშევარზე. ბოლო დროს რეჟისურაზე მეტად მუსიკამ მიტაცებს. საკმაოდ ბევრი სიმღერა დამიგროვდა, რომელთაც თავიდან ვუსმენ და ვარჩევ. სხვათა შორის, მე და ირმამ 15 სიმღერა გავაკეთეთ ერთად, რომელთა უმეტესობა დღემდე პოპულარობით სარგებლობს. სამომავლოდ ისევ ირმასთან ერთად ვგეგმავ საღამოს მოწყობას, თუმცა ბოლო დროს კონცერტის მოწყობა ნამდვილ ფუფუნებად იქცა, რადგან უამრავი ღონისძიება ეწყობა, ამიტომ კონკურენციაც გაიზარდა.

 

(ირმა სოხაძე) ძალიან მინდა დათო მაზანაშვილთან ერთად კონცერტის გაკეთება. მართალია, ვარსკვლავის გახსნისადმი მიძღვნილი საღამოს მასშტაბებს ვეღარ გავიმეორებთ, მაგრამ დიდ კონცერტს აუცილებლად მოვაწყობ ისევ ნუგზარის რეჟისორობით. ცოტა ხნის წინ გია მაჭარაშვილთან ერთად ჩავწერე ძველი სიმღერის ახალი ვერსია, რომელიც პირველად 2002 წელს შევასრულეთ. ძალიან კარგი საღამო გამოგვივიდა დუეტების მონაწილეობით. ერთი სიმღერა მეუღლესაც მივუძღვენი, რომელსაც ხშირად ასრულებდა, ახლა კი, მოჰბეზრდა და ახალი სიმღერის დაწერას მთხოვს.

 შვილიშვილები 

(ირმა სოხაძე) მართალია, განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემები არცერთს არ აქვს, მაგრამ სანდროს ძალიან უნდა მომღერლობა, ამიტომ სულ რაღაცას ცდილობს, განსაკუთრებით იმიტაცია და პაროდიები გამოსდის კარგად. სხვათა შორის, მონდომებაც თავისებური ნიჭია, ამიტომ არ გამიკვირდება თუ საბოლოოდ მუსიკოსობა აირჩია. თუმცა ჯერ ფეხბურთი და ხალხური ცეკვა უფრო მოსწონს. რეზიკო მათემატიკურ სკოლაში სწავლობს და ძალიან გონიერი ბიჭია, სალომეს შვილი – მაქსიმილიანე კი, 15 წლისაა და უკვე ჩამოყალიბებული კაცია, ძალიან ნიჭიერია და ყველაფერი კარგად გამოსდის, თუმცა საბოლოოდ რას აირჩევს, ჯერ არ ვიცით.

 სილამაზის საიდუმლო 

(ირმა სოხაძე) განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, უბრალოდ ხშირად დავდივარ ფეხით და მუდმივად კარგი განწყობის შენარჩუნებას ვცდილობ, არასდროს ვიბოღმები და არავისი არ მშურს, საერთოდ, რაც მეტი სიყვარული და ხალისია ადამიანს გულში, მით უფრო კარგად გამოიყურება ფიზიკურად.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები