პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას ტოვებს.
ამის შესახებ პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ძვირფასო მეგობრებო, მსურს საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ.
დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას..
მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს და მე ვამაყობ შედეგებით, რომელსაც ამ პერიოდში გუნდთან ერთად მივაღწიეთ.
გუნდში ბევრი წარმატებული ლიდერია და საჭიროა სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა, „ქართული ოცნება“ უნდა მოემზადოს არჩევნების დამაჯერებლად მოსაგებად.
პოლიტსაბჭოსგან მივიღე შეთავაზება დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა.
მნიშვნელოვანია, რომ შემდეგმა პრემიერმა დროულად წარადგინოს თავისი გუნდი და ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა, მე წარმატებებს ვუსურვებ ახალ პრემიერ მინისტრს.
პრემიერ მინისტრად მუშაობის პერიოდში უდიდესი მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილის.. თანადგომისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეუღლეს, შვილებს, მშობლებს.
იმედი მაქვს ახლა მექნება შესაძლებლობა მეტი დრო დავუთმო ოჯახს,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა
„თანადგომისთვის განსაკუთრებული მადლობა ჩემს მეუღლეს, შვილებს. იმედი მაქვს, ახლა მეტი შესაძლებლობა მექნება მეტი დრო დავუთმო ოჯახს“ – ღარიბაშვილი
„ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა გავაგრძელო მუშაობა პარტიაში, აქტიური მონაწილეობა მივიღო საარჩევნო პროცესში და ზოგადად ქვეყნის განვითარებაში“
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა პირველად 2013 წელს დაიკავა. მან ამ თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ჩაანაცვლა, თუმცა 2015 წლის 30 დეკემბერს თანამდებობა დატოვა. მაშინ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალა.
საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტის მეორედ დაკავებამდე ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის თავდაცვის უწყებას ხელმძღვანელობდა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მეორედ კი 2021 წლის 22 თებერვალს დაიკავა, რა დროსაც მან ამ პოსტზე გიორგი გახარია ჩაანაცვლა.
არსებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე ამჯერად მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლებს.