LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ვარ მარტოხელა ქალის დედისერთა შვილი… სანამ არაფერი ვიცით ოჯახზე მეზობლების კომენტარების გარდა, თავი შეიკავეთ იმ ქალის განსჯისგან, „ბავშვები სახლში მარტო როგორ დატოვა“, როცა მის ფეხსაცმელებში არ გიცხოვრიათ ერთი დღეც კი“ – რას წერს ჟურნალისტი ნინა ბაიდაური

1349
ნინო ბაიდაური

გასულ ღამეს, ზუგდიდში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩენილ ხანძარს ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა.

ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიას მოქალაქეები დღეს სოციალურ ქსელში საკუთარი, სხვადასხვაგვარი მოსაზრებებით ეხმიანებიან.

ნინო ლომჯარია: „სოციალურად დაუცველ ოჯახს დენი ჩაუჭრეს. ბავშვებმა სანთელი აანთეს, რამაც სავარაუდოდ ხანძარი გამოიწვია – არ ვიცი ამ საშინელი, შემზარავი ამბის გარდა საერთოდ რაზე უნდა იფიქრო… არ შეიძლება დენის რჩებოდეს ოჯახი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ“

„ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი ნინა ბაიდაური და მიმართავს იმ მოქალაქეებს, რომლებიც არასრულწლოვანების დედას, ბავშვების სახლში მარტო დატოვების გამო განსჯიან:

„მე ვარ მარტოხელა ქალის დედისერთა შვილი.

მას შემდეგ, რაც 7 წლისა გავხდი იანვარში და აპრილში ბებიაჩემი გარდაიცვალა, სახლში ვიყავი სულ მარტო, სანამ დედა მუშაობდა, რომ ჩემთვის მინიმუმ ეჭმია.

გარეთ იდგა 90-იანები. ქუჩებში „პერესტრელკები“, ყაჩაღობა, მკვლელობები იყო ყოველდღიურობის ნაწილი.

მე მქონდა მკაცრი ინსტრუქტაჟები და ისედაც ის კატეგორია ვიყავი, „ჭკვიანი, წინდახედული, ნაადრევად დასერიოზულებული“ ბავშვებიდან.

დედაჩემზე ზღვარგადასულად მოჯაჭვული, ზემზრუნველი და ყურადღებიანი დედა არ ვიცი მეორე. რაც თავი მახსოვს, დაახლოებით 3 წლიდან და მოგვიანებით მოზარდობისას უფრო მძაფრად, ამას ვაპროტესტებდი. კონფლიქტებიც გვქონია ამის გამო. მსუბუქიც და სერიოზულიც.

რამდენჯერმე მახსოვს დედაჩემის გულამოსკვნილი, თავშეუკავებელი ტირილი.

ერთ-ერთი იყო მაშინ, როცა სკოლიდან მოვედი, მაღალი სიცხე მომცა, ჩაის ვიდუღებდი და დარეტიანებულმა, გონებადაბინდულმა, მდუღარე გადავისხი და დავიწვი. მობილურები არ იყო მაშინ, მაგრამ მირეკავდა ხოლმე სამსახურიდან. არ მითქვამს არაფერი.

როცა მოვიდა და ამ მდგომარეობაში დავხვდი, მომხედა, კალთაში ჩამისვა, მეფერება და მე გულაჩუყებულმა და აცრემლებულმა ვუთხარი, შენ ხომ მეუბნებოდი, რომ დედის გული ყველაფერს გრძნობს და ხედავს, რატომ ვერ მიხვდი, რომ ცუდად ვიყავი-მეთქი.

სანამ არაფერი ვიცით ოჯახზე მეზობლების კომენტარების გარდა, თავი შეიკავეთ იმ ქალის განსჯისგან, „ბავშვები სახლში მარტო როგორ დატოვა“, როცა მის ფეხსაცმელებში არ გიცხოვრიათ ერთი დღეც კი“, – წერს ნინა ბაიდაური სოციალურ ქსელში.

მე ვარ მარტოხელა ქალის დედისერთა შვილი. მას შემდეგ, რაც 7 წლისა გავხდი იანვარში და აპრილში ბებიაჩემი გარდაიცვალა, სახლში…

Posted by Nina Baidauri on სამშაბათი, 13 აგვისტო, 2024

შეგახსენებთ, ზუგდიდში საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩენილ ხანძარს ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა.

ვიდეო: „მშობლები დღეს წავიდნენ, დედა მუშაობდა, თხილზე დადიოდა, ტყუპები 5 წლისები იყვნენ… უფროსი ბავშვები კიოდნენ, კარი რომ გავაღე, ცეცხლი შემომივარდა,“ – რას ჰყვებიან მეზობლები ზუგდიდში გაჩენილ ხანძარზე, რომელსაც ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g