„რუსეთის დუმის დეპუტატის ჩასვლა არის მეათეხარისხოვანი იმასთან შედარებით, რაც იმ პერიოდში სააკაშვილმა, პუტინმა და მედვედევმა ჩაიდინეს საქართველოსთან მიმართებით“ – ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტით ჩასვლას.
„ოპოზიცია ხავსს ეჭიდება. მან ხელში ჩაუგდო რუსეთს, ოკუპანტს არამარტო ტერიტორიები, არამედ სტრატეგიული ობიექტები, გაყიდა საქართველოს ინტერესები და მიჰყიდა ის რუსეთის ოლიგარქიას, ეს არის რეალობა და ახლა დუმის დეპუტატი ჩავიდა, მაგრამ მეტს გეტყვით, პუტინია ნამყოფი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრია ნამყოფი და ამ ტერიტორიაზე უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი.
დუმის დეპუტატის ჩასვლა არის მეათეხარისხოვანი იმასთან შედარებით, რაც იმ პერიოდში საკაშვილმა, პუტინმა და მედვედევმა ჩაიდინეს საქართველოსთან მიმართებით, მეასეხარისხოვანია ეს და იმ დანაშაულს, რაც თვითონ აქვთ ჩადენილი, ვერ გადაფარავენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი ე.წ. ოფიციალური ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ჩავიდა.
გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, „ვიაჩესლავ ვოლოდინი, აფხაზეთში სახელმწიფო სათათბიროს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რესპუბლიკის პრეზიდენტს ასლან ბჟანიას შეხვდა“.