თავის მოვლის საშუალებების ქურდობის ბრალდებით, პოლონეთში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალებები წერენ, ისინი ნივთებს მაღაზიებიდან და აფთიაქებიდან იპარავდნენ.
„რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ აფთიაქში დაცვის თანამშრომელმა დაიჭირა 34 წლის მამაკაცი, საქართველოდან, რომელსაც ქურთუკში ნივთები, ძირითადად სუნამოები ჰქონდა დამალული და შეუმჩნევლად ცდილობდა ტერიტორიის დატოვებას. ნივთების ღირებულება 2 000 ზლოტს აღემატებოდა.
სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ეჭვმიტანილს თან ახლდა მამაკაცი, რომელმაც ასევე აფთიაქიდან მოიპარა ნივთები, მან პოლიციის მოსვლამდე გაქცევა მოახერხა.
ეჭვმიტანილები – 36 და 38 წლის მამაკაცები მოგვიანებით პოლონეთის სამხრეთით მდებარე ქალაქში, ბელსკო-ბიალაში დააკავეს. მათ აფთიაქი გაძარცვეს და კრემები მოიპარეს“, – აღნიშნულია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაკავებულ მამაკაცებს ბრალი უკვე წაუყენეს, მათ სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. დანაშაული 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.