რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი „ახალი ჩერნობილის“ მოწყობის მცდელობაში უკრაინასა და დასავლეთს ადანაშაულებს და საკუთარ „ტელეგრამ“ არხზე წერს, რომ ევროკავშირსაც აქვს ატომური ელექტროსადგურები და უბედური შემთხვევები იქაც შეიძლება მოხდეს:
„კიეველი ნაძირალები და მათი დასავლელი მფარველები, როგორც ჩანს, მზად არიან მოაწყონ ახალი ჩერნობილი. რაკეტები და ჭურვები სულ უფრო უახლოვდება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორს და რადიოაქტიური იზოტოპების შესანახ ობიექტებს. ამბობენ, რომ ეს რუსეთია. ეს აშკარა, სისულელეა თუნდაც სულელი რუსოფობიური საზოგადოებისთვის.
გაეროსაც არ სჯერა. ისინი ამბობენ, რომ ეს სრულიად შემთხვევით ხდება. თითქოს არ სურდათ. რა ვთქვა… არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირსაც აქვს ატომური ელექტროსადგურები და შემთხვევები შესაძლებელია იქაც მოხდეს.“– წერს დმიტრი მედვედევი.
პუტინი ბირთვული ომით იმუქრება – რაში სჭირდებათ ოკუპანტებს ატომური ელექტროსადგურების დაკავება და რა უნდა ვიცოდეთ რადიაციის შესაძლო საფრთხეებზე
უკრაინაში ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს გარდა, კიდევ სამი ატომური ელექტროსადგურია - ხმელნიცკის, როვენსკისა და სამხრეთ უკრაინის, რომლებზეც საერთო ჯამში, 15 ატომური რეაქტორი მუშაობს.
შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსებმა გუშინაც დაბომბეს. ენერგოსადგურის ზონა სამხედრო ბაზად გამოაცხადეს, რეაქტორიდან რამდენიმე ასეულ მეტრში კი საზენიტო სარაკეტო სისტემები დაამონტაჟეს.
უკრაინა ამტკიცებს, რომ ოკუპანტები უკრაინულ პოზიციებს სწორედ ატომური სადგურის ტერიტორიიდან უტევენ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი ატომური ენერგოსადგურის ტერორიზმის მიზნით გამოყენებაში დაადანაშაულა.
ამავე თემაზე: