არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო ბარიერი არ მოქმედებს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში არჩეულად პრეზიდენტობის ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის უფლება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს აქვს.
28 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი შედგების გათვალისწინებით, 50%-იანი საარჩევნო ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. მეორე ტურში კი, სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე გადავიდნენ. გარდა ამისა, არჩევნების მეორე ტურში კანდიდატის მოხსნა დაუშვებელია.
ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ცნობით, არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 2 დეკემბერია. მისივე განმარტებით, არჩევნების საბოლოო შედეგი 20 დღის ვადაში გამოქვეყნდება, ამის შემდგომ კი, არჩევნები 2 კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს.
„წინასწარი შედეგების გათვალისწინებით, შესაძლებელია ითქვას, რომ ჩვენ დიდი ალბათობით გვაქვს მეორე ტური. მეორე ტურის გამართვას აქვს თავისი პროცედურები. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო დავების განხილვა მაქსიმალური ვადით გაგრძელდა, ეს არის არჩევნების ჩატარებიდან 20 დღე. შედეგები 20 დღეში უნდა გამოქვეყნდეს. საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან, ანუ 20 დღის შემდგომ 2 კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს არჩევნების მეორე ტური, რაც გახლავთ ამავდროულად კვირა დღე და უკიდურესი ვადა შესაძლებელია იყოს 2 დეკემბერი,“ – განაცხადა ჟვანიამ.
