საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მექსიკის კონგრესის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც აღნიშნული უწყების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გაბრიელა კუევას ბარონი ხელმძღვანელობს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქუმსიშვილმა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, შეღავათიან საგადასახადო და სავაჭრო რეჟიმებსა და ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-მექსიკის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები. გამოიკვეთა თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, განახლებადი ენერგეტიკა, კინოწარმოება. მექსიკური მხარემ ინტერესი გამოხატა კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის მიმართ, რომელიც ქვეყანაში გადაღებებზე გაწეული კვალიფიციური ხარჯების 20%-დან 25%-მდე ანაზღაურებას გულისხმობს.
ასევე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ვაჭრობის განვითარების მიმართულებაზე, მათ შორის, მექსიკაში ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე მეღვინეობის სფეროში.
შეხვედრაზე მექსიკური მხარე გამოვიდა ინიციატივით, რომ უახლოეს მომავალში, მექსიკაში დაიგეგმოს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის ვიზიტი, რომლის დროსაც შედგება შეხვედრები მექსიკის უმაღლესი სამთავრობო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ქეთევან ბოჭორიშვილი და გენადი არველაძე, აგრეთვე მექსიკის ელჩი საქართველოში მარტა ელენა ბარსენა კოკი.
