LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერიაში საბურთალოს საცობებისგან განტვირთვის ოთხი სცენარი მუშავდება

51

საერთაშორისო კომპანია A+S Consult GmbH Forschung und Entwicklung-მა თბილისის მერიაში, საბურთალოს საცობებისგან განტვირთვის 4 სცენარი წარმოადგინა.

კომპანიამ 26 მაისის, ჟვანიასა და სააკაძის მოედნებზე, პეკინის, კანდელაკის და შარტავას ქუჩებზე და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობის განტვირთვის მიზნით, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ დასკვნა მოამზადა.

თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ ქუჩებსა და მოედნებზე ამჟამად არსებული მოძრაობის ინტენსივობა ზღვრულ გამტარუნარიანობას აჭარბებს.

როგორც პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ განაცხადა, განიხილებოდა სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ის წინ გვირაბის გაჭრის საკითხი, თუმცა არსებობს სხვა, უფრო ოპტიმალური სცენარიც.

,,გერმანული კომპანიის მიერ მოხდა მოდელირება, შესაბამისი სატრანსპორტო ნაკადების დათვლა და რამდენიმე სცენარის შემოთავაზება. ამ სცენარებიდან ერთი ვარიანტი ყველაზე ოპტიმალურია. სანამ რაიმე ინფრასტრუქტურული ობიექტის მშენებლობას გადავწყვეტთ, იქნება გვირაბი თუ ესტაკადა, ეს შესაბამის პროგრამულ გათვლებზე უნდა იყოს დაყრდნობილი. ოპტიმალური გადაწყვეტილება ამ კვირის ბოლომდე იქნება მიღებული”, – აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.

მისივე თქმით, ოპტიმალური სცენარი ითვალისწინებს სააკაძის და 26 მაისის მოედნებზე სხვადასხვა სახის რეგულაციებს. ასევე პეკინის გამზირზე ჭკვიანი შუქნიშნების დანერგვას და კუნძულების გაკეთებას.

საბურთალოზე არსებულ ერთ-ერთ მძიმე კვანძზე ისაუბრა საკრებულოს წევრმა შალვა ოგბაიძემ. მისი თქმით, პირველ ეტაპზე აუცილებელია 26 მაისის მოედანზე, სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინნ“-ის წინ არსებული ტერიტორიის გამოსყიდვა.

,,განხილული იყო რამდენიმე ვარიანტი, მოძრაობის ორგანიზების გაუმჯობესებიდან დაწყებული, ესტაკადების მშენებლობით დამთავრებული. რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე, ძალიან სწრაფად არის გამოსასყიდი 26 მაისის მოედანზე, სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინნ“-ის წინ არსებული მოედანი, რათა იქ ძველი წრიული მოძრაობა აღდგეს, რაც განტვირთავს მოძრაობას. ხოლო შემდგომ, ყველა გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს გენერალურ გეგმაში შემავალი ერთიანი სტრატეგიის მიხედვით.”, – აღნიშნა შალვა ოგბაიძემ.

თბილისის მერიაში გამართულ პრეზენტაციას დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g