11 მაისს რადიო „ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს პრიმა-ბალერინა ნინო ანანანიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც მაისის ბოლოს დაგეგმილ სპექტაკლებზე ისაუბრა.
– ქალბატონო ნინო, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით რამდენად რთული აღმოჩნდა წარმოდგენისთვის მზადება?
– რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მთელი წლით მოგვიწევდა გაჩერება. საბედნიეროდ, ონლაინ-გაკვეთილების ჩატარება მოვახერხეთ, როგორც ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის ისე თეატრის მსახიობებისთვის. ძალიან მიხარია, რომ სირთულეების მიუხედავად და ყველა რეგულაციის დაცვით, მაინც შევძელით „მაკნატუნას“ ოთხი წარმოდგენის დადგმა. მართალია, ჩვეულებრივთან შედარებით ნაკლები მაყურებელი გვსტუმრობდა, მაგრამ მაინც ყველა ძალიან კმაყოფილი დარჩა. 20-23 მაისს კიდევ ერთ წარმოდგენას „ფასკუნჯს“ შევთავაზებთ პუბლიკას.
– მაყურებლისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა თქვენი სოლო პარტია 2016 წელს დადგმულ სპექტაკლში
– მართალია, აღარ ვცეკვავ, მაგრამ არსებობს ფილმი, რომელიც თვითონაც ძალიან მომწონს. ბედნიერი ვარ, რომ ნებისმიერს შეუძლია მისი ნახვა, შეფასება და მისთვის საჭირო ცოდნის მიღება. შესანიშნავი მოცეკვავეები – ჩვენი ქართველი და უცხოელი სოლისტები მიიღებენ მონაწილეობას მაისის ბოლოს დაგეგმილ დადგმებშიც. შემდეგ პროექტად კი, სხვადასხვა სპექტაკლიდან ყველაზე საინტერესო ეპიზოდების შეკრებით ერთგვარი გალა-კონცერტის მოწყობას ვგეგმავთ, რათა მაყურებელმაც გაგვიხსენოს და მოცეკვავეებმაც შეძლონ საყვარელ საქმეს დაბრუნება.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
– პანდემიამდე ბალანჩინის პროგრამით ვგეგმავდით ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში გამგზავრებას. მართალია, გასტროლები გაურკვეველი დროით გადადიდო, მაგრამ პროგრამის მომზადებაზე მაინც არ ვთქვით უარი, რამდენიმე სპექტაკლზე ვმუშაობთ, რომელთაც სავარაუდოდ ივლისის ბოლოს წარვუდგენთ მაყურებელს და სწორედ ასე დავხურავთ სეზონს, სექტემბრისთვის კი, იმედი მაქვს, სიტუაცია გაუმჯობესდება და ჩვენც ძველ რეჟიმში შევძლებთ მუშაობას.
– რა ცვლილებების შეტანა გაიძულათ პანდემიამ დაგეგმილ წარმოდგენებში?
– სპექტაკლები ანტრაქტის გარეშე მოეწყობა. მართალია, „ფასკუნჯი“ მცირე სპექტაკლია და სრულად წარვადგენთ, მაგრამ „მაკნატუნადან“ რამდენიმე ეპიზოდის ამოღება მოგვიხდა, თუმცა ამგვარმა შეკვეცამ არც დადგმა აზარალა, არც მაყურებელი.
– რა თქმა უნდა, დასისთვის ძალიან რთული იყო იძულებითი შესვენება, პირადად თქვენთვის რა შეცვალა პანდემიამ?
– ჩემთვის ძალიან რთული წელი იყო, რადგან ყველაფრის შეცვლა მომიხდა. უმარავ კონკურსში ვმონაწილეობდი ჟიურის წევრად, ახლა კი, ყველაფერი ონლაინ-რეჟიმშია გადასული და მეც ამავე რეჟისმში მიწევს ერთის მხრივ, გაკვეთილების ჩატარება, მეორეს მხრივ, კონკურსების ყურება და მონაწილეების შეფასება, რაც არც ისე მარტივია. თუმცა, დღეს მხოლოდ ასე შვეგვიძლია ჩვენი პროფესიის შენარჩუნება და იმ ახალგაზრდების მხარდაჭერა, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი დახმარება.
– რამდენად აქვს მაყურებელს შანსი კიდევ ერთხელ გიხილოთ სცენაზე?
– მესამე წელია აღარ ვცეკვავ. ფეხის ტრავმამ მაიძულა პაუზის აღება და მართალია, დაბრუნებას ვგეგმავდი, მაგრამ დრო გაიჭიმა, ვერაფრით ჩავები და საბოლოოდ თქვი უარი სცენაზე გამოსვლაზე, რასაც საერთოდ არ ვნანობ, რადგან ვთვლი, რომ ისედაც ძალიან ბევრი და ფასეული შევქმენი.
გადაცემის აუდიოჩანაწერი