“მეტროსადგურ “სადგურის მოედანი 2-ის” ტერიტორიაზე,ზოგადად, თავს იყრის შედარებით მეტი მგზავრი, თუმცა, არსებული განრიგები საშუალებას გვაძლევს, დროულად და სწრაფად უზრუნველვყოთ მათი გადაადგილება.” – თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს და ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებს, რომლებზეც თბილისის მეტროში მზგავრთა ჭარბი რაოდენობაა ასახული.
სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ თბილისის მეტრო დღეს მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, ყოველგვარი ტექნიკური შეფერხების გარეშე ემსახურება:
“გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტომასალას, რომელიც თბილისის მეტროში მზგავრთა ჭარბ რაოდენობას ასახავს. თბილისის მეტრო დღეს ჩვეულ რეჟიმში, ყოველგვარი ტექნიკური შეფერხების გარეშე ფუნქციონირებს. პიკის საათის დროს კი მატარებლების მოძრაობის ინტერვალი საბურთალოს ხაზზე შემცირებულია 3.5, ხოლო პირველ ხაზზე – 2.5 წუთამდე.
გავრცელებული ფოტო გადაღებულია მეტროსადგურ “სადგურის მოედანი 2-ის” ტერიტორიაზე, რომელიც პირველი ხაზიდან საბურთალოს ხაზზე გადასასვლელს წარმოადგენს. აღნიშნულ მონაკვეთში ზოგადად, თავს იყრის შედარებით მეტი მგზავრი, თუმცა, არსებული განრიგები საშუალებას გვაძლევს, დროულად და სწრაფად უზრუნველვყოთ მათი გადაადგილება. რაც შეეხება მგზავრებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს, კვლავ ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა.” – წერია განცხადებაში.
როგორც სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ მიმართვაშია აღნიშნული, თბილისის მეტროსადგურებში მგზავრები პირბადის გარეშე არ დაიშვებიან და რეკომენდაცია, რომელიც მიზნად ისახავს ვირუსის გავრცელების პრევენციას, კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ მკაცრად კონტროლდება.
ფოტოებს სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” მომხმარებელი სალი ჯალაღონია ავრცელებს.

