ტრაგედია ქუთაისში – კლინიკა “ბომონდში” 21 წლის გოგო გარდაიცვალა. ექიმებმა ბავშვის გადარჩენა შეძლეს.
როგორც “ფორტუნას” კლინიკის ადმინისტრაციაში განუცხადეს, არასწორია ინფორმაცია, თითქოს გოგონა მშობიარობას გადაჰყვა.
“მშობიარობას არ გადაჰყოლია. ჰქონდა თანმხლები დაავადება, მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანა მეუღლემ, სასწრაფოდ ჩატარდა საკეისრო კვეთა”, – განგვიცხადეს კლინიკაში.
მოგვიანებით, ადმინისტრაციამ “ფორტუნას” მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება მიაწოდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“„პირველ რიგში, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი ღრმა მწუხარება და მივუსამძიმროთ გარდაცვლილის ოჯახს. ასევე, გვსურს გამოვეხმაროთ სოციალური ქსელის სხვადასხვა გვერდის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ „კლინიკა ბომონდში“ შემოყვანილი 21 წლის გოგონა მშობიარობას გადაყვა.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. პაციენტი კლინიკაში მიმდინარე წლის 20 ივნისს, მეუღლის მიერ, მოყვანილ იქნა მძიმე მდგომარეობაში. მას ჩაუტარდა გადაუდებელი საკეისრო კვეთა.
ახალშობილი გადაყვანილია კლინიკის ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ყველა ჩატარებული სამედიცინო ღონისძიების მიუხედავად, თანმხლები დაავადების გამო, მელოგინის გადარჩენა ვერ მოხერხდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. „კლინიკა ბომონდი“ თანამშრომლობს გამოძიებასთან. კლინიკა მოუწოდებს საზოგადოებას და დაინტერესებულ მხარეებს, დაელოდონ გამოძიების დასრულებას და საქმეზე ობიექტური გარემოებების დადგენას,“- აცხადებენ „კლინიკა ბომონდში“.