გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმაურება და „ყველას მოუწოდებს ჩახედონ, რატომ არის ეს მისთვის გამოსამშვიდობებელი ვიზიტი, რატომ არ იყრის ის კენჭს თებერვალში ბუნდესტაგის არჩევნებზე?“.
მისი განცხადებით, „მიხაილ როთი „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის პოლიტსაბჭოში აღარ აირჩიეს“. პაპუაშვილის თქმით, გერმანიაშიც მიხვდნენ, რომ მიხაელ როთი არის ადამიანი, რომელიც სრულად დისკრედიტაციას უწევდა მის პარტიას და სწორედ ამიტომაც უწევს პოლიტიკიდან წასვლა.
„გერმანული პოლიტიკიდან გარიყული და გაგდებული ადამიანი ქართულ პოლიტიკაში რომ გვეტენება და ერთი რამით არის დაკავებული, როგორმე ქართველები დააპირისპიროს ერთმანეთს, ლანძღოს ჩვენი ეკლესია, ვინც მას ჩაეხუტება, ერთადერთ რამეს აჩვენებს, იზიარებს იმ მორალს, შეხედულებებს თუ პრინციპებს, რომელიც მას აქვს, დააპირისპიროს ხალხი და ჩამოაგდოს შუღლი ადამიანებს შორის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.