LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიხარია, რომ გასულ წელს დადებული პირობა, რომ აუცილებლად ჩავწერდი ახალ სიმღერას, შევასრულე” – ნეკა სებისკვერაძე

37
ნეკა-სებისკვერაძე

30 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და გადაცემას „არტ-FM“-ს ნეკა სებისკვერაძე სტუმრობდა ახალი სიმღერის „დილა მშვიდობისა“ პრემიერით.

 

„დილა მშვიდობისა“

მიხარია, რომ გასულ წელს დადებული პირობა, რომ აუცილებლად ჩავწერდი ახალ სიმღერას, შევასრულე. მეტიც, მალე კიდევ ერთ, ძალიან ენერგიულ კომპოზიციას შევთავაზებ მსმენელს. ახალი კომპოზიცია, რომელიც დათო ნოზაძესთან ერთად ჩავწერე, მაყვალა მრევლიშვილის ლექსზე შექმნა მერი დავითაშვილმა. აკომპანემენტი ბრწყინვალე კომპოზიტორმა ნინო გულიაშვილმა გაგვიწია, ვიდეოზე კი, რეჟისორმა გვანცა მეფარიშვილმა და ოპერატორმა კახა ბუხრაშვილმა იმუშავეს. გვანცა საოცრად ნიჭიერი ადამიანია, რომელიც ბრწყინვალედ ახორციელებს ჩვენს მუსიკალურ იდეებს. სიმღერა უკვე დევს YouTube-არხზე და ყველას შეუძლია მისი მოსმენა და შეფასება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ყველას, რადგან მართლაც არაჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად ვმუშაობ, რომელთაც ჩემს მთავარ საყრდენ ძალად ვთვლი.

ვიდეო ბაღდათში გადავიღეთ, სადაც ჩვენი მეგობარი, ფოტოგრაფი გიორგი ცაავა გადავიდა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად და ბრწყინვალე არტ-სივრცე გახსნა პატარა კაფესთან ერთად, რომელსაც „გლიცინია“ დაერქვა. სწორედ ახალი არტ-სივრცის და რეგიონული კულტურის განვითარების სურვილით გავემგზავრეთ ბაღდათში. ძალიან მიხარია, რომ უამრავი ადამიანი სტუმრობს ბაღდათს, რომლებიც სწორედ გიორგის წყალობით ეცნობიან ულამაზესი ქალაქის კულტურას და ღირსშესანიშნაობებს. სამწუხაროდ, ვიდეოს გამოშვება ცოტა დაგვიგვიანდა, რადგან უფრო საშობაო განწყობა აქვს. დეკემბერში გვინდოდა მისი პრემიერის მოწყობა, თუმცა გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ შევძელით.

ძალიან სიმბოლურია, რომ ჩვენი სიმღერის გამოსვლა ბრწყინვალე კომპოზიტორის, ქალბატონი მერი დავითაშვილის 100 წლის იუბილეს დაემთხვა. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ მერი დავითაშვილმა, რომლის შემოქმედება ყოველთვის განსაკუთრებით გამოირჩეოდა, არაჩვეულებრივი მუსიკა შექმნა ქართული ანიმაციისთვის. სწორედ მისი სიმღერის შესრულებით გადავწყვიტეთ ჩვენი უსაზღვრო სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვა მის მიმართ. მართალია, სიმღერა არ იყო განკუთვნილი დუეტისთვის, მაგრამ ნინო გულიაშვილმა არაჩვეულებრივი ვერსია გააკეთა ჩემთვის და დათოსთვის.

ოჯახი

ძალიან ვმეგობრობ ბავშვებთან. მიხარია, რომ კარგად სწავლობენ და ძალიან უყვართ მუსიკა. სანამ პატარები იყვნენ ნაკლებად სტუმრობდნენ ჩემს კონცერტებს, ახლა კი, წამოიზარდნენ და ყოველთვის ჩემს გვერდით არიან. უფროსი ბიჭი – დავითი უფრო ინტერესდება მუსიკით, გიტარაზე, ფორტეპიანოზე უკრავს და პრაქტიკულად ჩემი გზამკვლევია თანამედროვე მუსიკაში. ვფიქრობ, ჩემთვის ისე, როგორც ყველა დედისთვის სწორედ შვილებია მთავარი მონაპოვარი. რა თქმა უნდა, განათლებაზე ვაკეთებთ აქცენტს, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველაფერი დროულად მიიღონ. არასდროს მიფიქრია ბავშვებთან ერთად სიმღერის ჩაწერა, რადგან ამგვარ ტანდემს ბავშვის განსაკუთრებული  მუსიკალური ნიჭი და სცენაზე გამოსვლის სურვილი სჭირდება. მართალია, დათა ძალიან მუსიკალურია, მაგრამ არ მოსწონს აფიშირება, ამიტომ ჩვენც ვითვალისწინებთ მის სურვილს.

სამომავლო გეგმები

ყველა ქალაქი მომწონს, თუმცა განსაკუთრებით მიყვარს ქუთაისი. მიხარია, რომ 2 მარტს ნინო გულიაშვილთან, დათო ნოზაძესა და ნიკა წულუკიძესთან ერთად მოვაწყობთ კონცერტს ქუთაისელი მაყურებლისთვის. საღამოს, რომელმაც „პოპულარული ქართული დუეტების“ სახელი შეიძინა, ნიკა გაუძღვება და მეტად საინტერესო ისტორიებს მოუთხრობს პუბლიკას ცნობილ ქართულ ფილმებსა და სპექტაკლებზე.

2 მარტს გავმართავთ კონცერტს გელათშიც, სადაც არაჩვეულებრივი სივრცეა შექმნილი სალონური საღამოებისთვის. 4 თებერვალს სამტრედიაში მოვაწყობთ საღამოს, რომელიც ეროსი მანჯგალაძეს მიეძღვნება. ანალოგიური წარმოდგენა გვქონდა სამი წლის წინ თბილისშიც, როცა უდიდესი მსახიობის 95 წლის იუბილე აღვნიშნეთ, ახლა კი, ოდნავ სახეცვლილი ფორმატით სამტრედიელების წინაშე წარვდგებით და მოგონებებთან ერთად ძალიან საინტერესო საარქივო ვიდეომასალას შევთავაზებთ.

ოცნება

არასდროს ვყოფილვარ მეოცნებე, თუმცა უამრავი გეგმა მაქვს. ძალიან მინდა მეტი კონცერტის მოწყობა და იმ მაყურებელთან შეხვედრა, რომელიც ყოველთვის საოცარ ძალას მმატებს. ვფიქრობ, ყველაზე დიდი ბედნიერება სწორედ საკუთარ საქმეში რეალიზებაა.

 

რიტუალი სცენაზე გასვლის წინ

სცენაზე გასვლის წინ გაჩუმება მირჩევნია, რადგან ხმას სჭირდება მოფრთხილება და დასვენება. ყოველთვის ვცდილობ კონცერტის დღეს ბევრი წყალი დავლიო და ნაკლები ვილაპარაკო. მახსოვს, „შვიდკაცას“ წინა საიუბილეო კონცერტზე მაღალი სიცხით მომიწია გამოსვლა, ძალიან ვღელავდი, რადგან წარმოდგენა არ მქონდა რამდენად შევძლებდი სიმღერის შესრულებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები