მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მე-8 კონგრესზე სიტყვით გამოვიდა. ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები, სექტორის კიდევ უფრო განვითარებას უწყობს ხელს, რაც საბოლოოდ, თითოეულ პაციენტზე დადებითად აისახება.
შეხვედრაზე, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების უახლესი „გაიდლაინები“ და ასევე კარდიოლოგიის, არითმოლოგიის, კარდიო-ონკოლოგიის და დიაგნოსტიკის აქტუალური საკითხები განიხილეს.
კონგრესი, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ორგანიზებით, გულის მსოფლიო დღის ფარგლებში, გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს გულის ფონდმაც მიიღო.
ღონისძიებას, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, ქვეყნის წამყვანი კარდიოლოგები, არითმოლოგები, კარდიოქირურგები, ასევე ონკოლოგები და ოჯახის ექიმები ესწრებოდნენ.