მილანის ცენტრში, შესაძლოა, კერძო ავტომობილების გადაადგილება აიკრძალოს. ინიციატივით ქალაქის მერი გამოდის. ჯუზეპე სალას ამ გზით ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლების შემცირება და საფეხმავლო სივრცეების გაუმჯობესება სურს.
კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში შეზღუდვა ძალაში 2024 წლიდან შევა, რის შემდეგაც იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ქალაქის ცენტრში ავტომობილების გადაადგილება სათვალთვალო კამერებით გაკონტროლდება.
აკრძალვა და დაჯარიმება არ შეეხებათ ცენტრში ავტოსადგომის მქონე მცხოვრებლებს, ტაქსებსა და საზოგადოებრივ სატრანსპორტო საშუალებებს.
აღსანიშნავია, რომ მილანი ერთადერთი ევროპული ქალაქი არაა, რომელიც ქუჩების ავტომობილებისგან განტვირთვით გარემოზე ზრუნვას ცდილობს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 2025 წლიდან სტოკჰოლმის ცენტრში ბენზინზე, დიზელსა და გაზზე მომუშავე ავტომობილები მოძრაობას ვეღარ შეძლებენ.