2025 წლიდან სტოკჰოლმის ცენტრი, რომლის ოთხი მთავარი ქუჩა ოც კვარტალს აერთიანებს, ქალაქის მესამე კატეგორიის პირველი ეკოლოგიური ზონა გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ბენზინზე, დიზელსა და გაზზე მომუშავე ავტომობილებისთვის გადაადგილება აკრძალული იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება შვედეთის დედაქალაქის მერიამ მიიღო.
სტოკჰოლმის ცენტრში მოძრაობა მხოლოდ ელექტრომობილებით იქნება შესაძლებელი. ახალი წესები არ გავრცელდება მხოლოდ პოლიციის, სასწრაფო დახმარების მანქანებზე და იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მართავენ.
გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის პირველი ნახევრიდან შვედეთის ოფიციალური პირები ეკოლოგიური ზონის კიდევ უფრო მეტად გაფართოებას შეეცდებიან.
აღსანიშნავია, რომ სტოკჰოლმი პირველი ქალაქი არ არის, რომელიც ემისიების შემცირებას მკაცრი რეგულაციებით ცდილობს, მაგრამ პირველი ევროპული დედაქალაქია, რომელიც ბენზინზე, დიზელსა და გაზზე მომუშავე ავტომობილების კონკრეტულ ზონაში გადაადგილებას სრულად აკრძალავს.
