მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, ამერიკელი სამედიცინო ექსპერტი ერიკ გოლდსმიტი მესამე პრეზიდენტს დღეს ორჯერ მოინახულებს. მისივე თქმით, უცხოელმა ექსპერტებმა პასუხი უნდა გასცენ ორ მთავარ კითხვას – არის თუ არა სააკაშვილი მძიმე ავადმყოფი და უშლის თუ არა მისი ავადმყოფობა ხელს სასჯელის მოხდაში.
„ეს ადამიანი ჩაერთო თავიდანვე. იყო მოლაპარაკება, გაეცნო საქმის მასალებს და საათობით გამოკითხა სააკაშვილის ოჯახის წევრები. ამის შემდეგ განაცხადა, რომ დაინტერესებულია და გულთან მიიტანა სააკაშვილთან დაკავშირებული საკითხი. ის მიხეილ სააკაშვილს დღეს, სავარაუდოდ, ორჯერ მოინახულებს, მისი სურვილია ასევე მივიდეს საგამოძიებო სამსახურში და ნახოს კადრები, რა ხდებოდა სააკაშვილთან მიმართებაში.
თვის ბოლოს ცენტრ „ემპათიაში“ შეიკრიბება კიდევ ერთი სამუშაო ჯგუფი და გარკვეულ რეზიუმეს გააკეთებს“, – აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.
ადვოკატის ინფორმაციით, დღესვე სააკაშვილს გაერო-ს ექსპერტი მოინახულებს.
„ასევე მოგეხსენებათ, რომ ჩამოსულია გაერო-ს ექსპერტი, რომელიც გვიან ღამით ჩამოფრინდა და ასევე ჩაატარებს სააკაშვილის კვლევას. დანარჩენ ორ ექსპერტზე ველოდებით ნებართვების მიღებას და წესით, დღეს რაღაცას პასუხი უნდა გვქონდეს“, – აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.