LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიწისქვეშა გადასასვლელების იჯარით გასხვისებისას, მათი მოვლა-პატრონობა ხელშეკრულებაში ჩაიდება

154

ჩემი მერობის პირობებში თუ მოხდება მიწისქვეშა გადასასვლელების გასხვისება იჯარით, მათი მოვლა–პატრონობა აუცილებლად ჩაიდება ხელშეკრულებაში, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განცხადებით, ყველა მიწისქვეშა გადასასვლელი თბილისში ეტაპობრივად მოწესრიგდება.

„რაც შეეხება მიწისქვეშა გადასასვლელებს, თქვენ ჩემთან ერთად დადიოდით და ნახეთ როგორი მდგომარეობაა, შესაბამისად, უამრავი ადამიანი არ სარგებლობს გადასასვლელებით. ის უნდა იყოს მოწესრიგებული, უნდა იყოს სისუფთავე. ჩემი მერობის პირობებში თუ მიწისქვეშა გადასასვლელების გასხვისება მოხდება იჯარით, მათი მოვლა–პატრონობა აუცილებლად ჩაიდება ხელშეკრულებაში. მოწესრიგება აუცილებლად იქნება გათვალისწინებული, ასევე განათება, სისუფთავე, კამერების დამონტაჟება მოხდება. ჩვენ ახლა ვიწყებთ გმირთა მოედანზე პირველ პროექტს, სადაც განთავსდება ანტივანდალური კამერები და გადასასვლელი იქნება მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, რომ ადამიანებმა არ დააზიანონ იქ გაკეთებული ღამის სანათები, არ დააბინძურონ და ა.შ. ჩვენ ასე ვაპირებთ ყველა მიწისქვეშა გადასასვლელის მოწესრიგებას, დასუფთავებას და მოპირკეთებას, რომ უფრო მეტმა ადამიანმა ისარგებლოს. არ გვინდა ბევრი ადამიანი გადადიოდეს ქუჩაზე, სადაც საშიშროებაა და სამწუხაროდ, უამრავი ადამიანი იღუპება. გვინდა მოვაწესრიგოთ გადასასვლელები და ვუთხრათ ადამიანებს, რომ ეს ყველაფერი მათთვის კეთდება“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე განცხადებით, მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგებაში მოიჯარეები და მფლობელები აქტიურად ჩაერთვებიან და შესაძლოა, კამერების დამონტაჟების პროცესში მათი ვალდებულებებიც გაიზარდოს.

„ინდივიდუალურად გვექნება მოლაპარაკებები მოიჯარეებთან ან მეპატრონეებთან, რომლებსაც ნაყიდი აქვთ მიწისქვეშა გადასასვლელები. ჩვენ შევხვდით წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის მფლობელებს, ვესაუბრეთ და ვუთხარით, რომ იქ არსებული მდგომარეობა ანტისანიტარიის კუთხით მძიმე იყო. შეუძლებელი იყო ადამიანების გადასვლა–გადმოსვლა. ეს ადამიანები დაგვთანხმდნენ რომ მოწესრიგდეს, თვითონაც იღებენ ამაში მონაწილეობას. მიხარია, რომ ადამიანები ხვდებიან, გვერდში გვიდგანან და იციან თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს. შესაბამისად, მოპირკეთება, მოწესრიგება არსებული მდგომარეობის მნიშვნელოვანია. გადაწყვეტილება მოგვიანებით იქნება მიღებული, თუ როგორ უნდა დამონტაჟდეს კამერები, ვის ეკისრება მისი დამონტაჟების პასუხისმგებლობა და ვინ უნდა აიღოს ხარჯები თავის თავზე“, – განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ კამერებთან დაკავშირებით, ყველა მეპატრონესთან საკითხს ინდივიდუალურად გაივლიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g