თვითიზოლაციაში მყოფი ტელეწამყვანი, დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც წერს, რომ დღეს მისი დედის დაბადების დღეა და მის საფლავზე გასვლას, თვითიზოლაციის გამო, ვერ ახერხებს…
“20 დედას დაბადების დღეა.
საფლავზე ვერ მივდივარ – თვითიზოლაციაში ვარ.
ვიცი, გამიგებს.
დილიდან რამდენჯერმე დავხედე მისი ტელეფონის ნომერს, რომელიც ასე მიწერია, „Dedachemi” და ყველა ჯერზე გადავიფიქრე დარეკვა. აღარ მინდა იმის შეხსენება, რომ ამ ქვეყნიდან გასულია.
ან იქნებ უკვე ვინმეს აქვს მისი ნომერი. იქნებ მანჩოს ეს ნაშთიც წავიდა.
დედის სიკვდილის შემდეგ ადამიანს სამჯერ ეცემა ზარი. პირველად, როცა ჩასასვენებელში მის უძრავ, გაყინულ ხელებს ხელებს ხედავს; მეორედ მაშინ, როცა მის ჩასასვენებელს პირველი ბარი მიწა მოხვდება და დაიბრახუნებს. მერწმუნეთ, დაე ყველაზე გვიან გამოსცადოთ, ეს ატომური აფეთქების ხმის ტოლფასია.
მესამედ კი მაშინ, როცა უკანასკნელად გეწურება იმის იმედი, რომ დედა ცოცხალია – დრო გადის, დილაობით მისი წასვლა წამიერად გავიწყდება და მერე საფლავის ქვაზე მის სახეს ხედავ. ესაა მომენტი, როცა მესამედ დაგივლის ელვა ხერხემალში.
დედა საფლავის ქვაზე იღიმის. თან სევდიანია, რაღაცნაირად.
დედას უყვარდა კაფე „ნიკალა”. ის ქათმის სალათს მიირთმევდა, მე კუპატსა და შემწვარ კარტოფილს. მერე ორივე ერთად ვაყოლებდით მსხლის ლიმონათს და ვიღიმოდით. გზად კი მიყვებოდა ბაბუაზე, რომელიც თვალით არასოდეს მინახა და ვაღმერთებდი. რა ვიცოდი, ჩემს ცხოვერბაში ძალიან ბედნიერი წუთები თუ იყო.
ღმერთო, რას არ მივცემდი იმის დასანახად, როგორ ეთამაშება რემედიოსს.
ცხოვრებაში ბევრი საიდუმლოს ამოხსნა მინდა, მაგრამ ყველაზე მეტად იმის, როცა მისი სხეული თრომბმა მოცელა, რა გაივლო გონებაში უკანასკნელად.
იცით? მისი წასვლის შემდეგ სიკვდილისაც ნაკლებად მეშინია. კი არ მჯერა, ქრისტეზე მეტად მწამს, რა მტკივნეულიც არ უნდა იყოს, ხიდთან დამხვდება და შეშინებულს იმ ნაპირზე ხელჩაკიდებული გადამიყვანს.
მიყვარხარ და მაპატიე, რომ ვერ მოვდივარ.
მერე ბევრ ზამბახს მოგიტან, ასე ძალიან რომ გიყვარდა. ძალიან ბევრს.
ლექსებს არ ვიშველიებ ხოლმე, მაგრამ ჭილაძემ ისეთი დაწერა 20 მარტის დაბადების დღეზე, სხვანაირად არ გამოვა:
თენდება, მაგრამ ჯერ ისევ ბნელა,
საგნებიც ისევ უძრავად დგანან,
ბნელში საათის ისარი ელავს,
როგორც მკვლელობის ადგილზე დანა.
გამეფებულა დუმილი ირგვლივ
(თითქოს შემთხვევით შესულა სხვისას)
და უცებ ვხვდები, რომ ფარდებს იქით
მეოცე დღეა მესამე თვისა”.
