LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მნიშვნელოვანია, აშშ-მა აჩვენოს სიმამაცე და უარი თქვას პუტინის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე – უკრაინის საკითხზე გადაწყვეტილება არ შედგება უკრაინის გარეშე, ეს უნდა გავრცელდეს საქართველოს შემთხვევაშიც: ამერიკელი სენატორები

76
ამერიკა

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ღია წერილით ამერიკელი სენატორები მიმართავენ. სენატორები აღმოსავლეთ ევროპელ მოკავშირეებს და პარტნიორებს მხარდაჭერას უცხადებენ.

წერილში, რომელსაც ხელს, როგორც „დემოკრატი“, ასევე „რესპუბლიკელი“ სენატორები, მარკო რუბიო, ჯინ შაჰინი, თომას ტილისი, კრისტოფერ კუნსი, ჯონი ერნსტი, ჯეფრი მერკლი, მაილ რაუნდსი, კორი ბუკერი და ჯონ ბარასსო აწერენ, აღნიშნულია, რომ უკრაინის საზღვრებთან კრიზისი რუსეთმა ხელოვნურად შექმნა და ვლადიმერ პუტინი უარს აცხადებს რუსეთის მეზობლების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაზე.

მათი განმარტებით, მათთვის მიუღებელია რუსეთის მიერ გასაჯაროებული „უსაფრთხოების გარანტიები“, რაც ნატო-ს შემდგომი გაფართოების შეწყვეტას მოიცავს.

„მიმდინარე კრიზისი ხელოვნურად შექმნილია ვლადიმერ პუტინის მიერ. პუტინი უარს ამბობს რუსეთის მეზობლების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემაზე. ქვემორე ხელმომწერი სენატორები მხარს უჭერენ თქვენს ძალისხმევას, გამოიყენოთ ყველა დიპლომატიური არხი, რათა პუტინს მკაფიოდ გააგებინოთ, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები არ შეეგუებიან უკრაინის წინააღმდეგ ამჟამინდელ აგრესიას და არ დაუშვებენ უკრაინაში შეჭრას რუსეთისთვის მძიმე შედეგების გარეშე.

რუსეთის მოთხოვნები ევროპაში რუსული გავლენის სფეროს ხელახლა შექმნის მცდელობაა, სადაც კრემლი შეძლებს თავისუფლად დააშინოს ისეთი ქვეყნები, როგორიცაა უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი და რუმინეთი, რომლებიც ამერიკის მტკიცე მოკავშირეები და პარტნიორები არიან. მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მა აჩვენოს სიმამაცე და უარი თქვას პუტინის მიუღებელი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებაზე. ამას მხოლოდ ნატო-ს წევრები გადაწყვეტენ. აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები მხარს უჭერენ პრინციპს, რომ უკრაინის საკითხზე გადაწყვეტილება ან დისკუსია არ შედგება უკრაინის გარეშე. ეს უნდა გავრცელდეს საქართველოს შემთხვევაშიც. ნატო-ს კარი ღია რჩება იმ ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან და სურთ, შეასრულონ ნატო-ს წევრობის ვალდებულებები და, რომელთა წევრობასაც წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში“, – წერია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g