ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეს პოლიციის სამმართველოს უფროსის მკვლელობაში ბრალდებულს ბესიკ ტაკიძეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული საქმის განხილვა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ოჯახის წევრები ბესიკ ტაკიძის უვადო პატიმრობას ითხოვდნენ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მათგან პროტესტი მოყვა. ოჯახის წევრებმა ბათუმის შემოსასვლელში, გოგებაშვილის ქუჩაზე გადაინაცვლეს და გზა გადაკეტეს. ოჯახის წევრები შს მინისტრ გიორგი გახარიასთან დაუყოვნებლივ შეხვედრას ითხოვენ, მანამდე კი დაშლას არ აპირებენ.
მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ისინი სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ. შეკრებილები მოითხოვენ, რომ მათ მმართველი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც შეხვდეს, რადგან სწორედ მისი ხის გადატანას შეეწირა ბუტა ანთაძე.
ბუტა ანთაძე ზაფხულში, სოფელ მუხაესტატეში თანასოფლელმა ცივი იარაღით მოკლა.