პურის ქარხნებში ფქვილის გარკვეული მარაგი არის და მომდევნო თვეების განმავლობაში, ამ მხრივ დეფიციტი მოსალოდნელი არ არის. როგორც „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ზამთარი და შემდგომი პერიოდი ალბათ, უფრო მძიმე იქნება, ამიტომ მარაგების შევსება აუცილებელია.
„პურის ქარხნებში ფქვილის გარკვეული მარაგი არის. საქართველოში ხორბლის ახალი მოსავლის აღება მიმდინარეობს. მცირეა, მაგრამ გარკვეულ დადებით ტენდენციას იძლევა. ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით, ჯამში, შეიძლება ვთქვათ, რომ დაახლოებით 2 თვის განმავლობაში შეიძლება ამ მხრივ მშვიდად ვიყოთ იმიტომ, რომ ადგილობრივი ხორბალიც არის და ფქვილიც. ეს თვეები სტაბილური იქნება, თუმცა, შემდგომში წინ უნდა გავიხედოთ, ისევე როგორც მთელმა მსოფლიომ. მთლიანობაში უკრაინის კრიზისი ვერ წყდება, როგორც პოლიტიკურად, ისე ხორბლის გამოტანის მხრივ და მსოფლიო ემზადება იმისთვის, რომ მარაგი შეიქმნას. ზამთარი და შემდგომი პერიოდი ალბათ, უფრო მძიმე იქნება. მსოფლიოში მოსავლის აღების პირობები პესიმისტურია“, – განაცხადა სილაგავამ.
რაც შეეხება პურის ფასს, როგორც ლევან სილაგავა აცხადებს, პურის მწარმოებლებს 7 ათასი ტონა ფქვილი სჭირდებათ იმისთვის, რომ თვეში ე.წ. სოციალური მოხმარების პური გამოაცხონ და მისი ფასი არ გაიზარდოს. შესაბამისად, მათი წინადადებაა, 7 ათასი ტონის ზემოთ მოხდეს შემოტანილი ფქვილის დაბეგვრა. „ჩვენ ვკითხეთ პურის მწარმოებლებს, რამდენი ტონა ფქვილი სჭირდებათ მათ იმისთვის, რომ თვეში გამოაცხონ ე.წ. სოციალური მოხმარების პური, რომელზეც არის მოსახლეობის ოპერირება, რომ ის არ გაძვირდეს. პასუხი არის ასეთი – იმისთვის, რომ ყოველდღიური სოციალური პური გამოაცხოს, პურის მწარმოებელს სჭირდება 7 ათასი ტონა ფქვილი. შესაბამისად, ჩვენი შეთავაზება არის ასეთი მთავრობისა და პურის ქარხნებისადმი, 7 ათასი ტონა ფქვილი, რომელიც სჭირდებათ იმისთვის, რომ პური არ გაიზარდოს, იგივე რეჟიმით შემოვიდეს საქართველოში, როგორი რეჟიმითაც ახლა შემოდის. ამოცანა გადაწყვეტილი იქნება მათ შორის პურის მწარმოებლების და მთავრობის ხედვით. 7 ათასი ტონა ფქვილით გამოცხვება იმ რაოდენობის პური, რომელიც ფასს არ გააძვირებს. 7 ათასი ტონის ზემოთ მოხდეს შემოტანილი ფქვილის დაბეგვრა იმ მოსაკრებლის რაოდენობით, რომელიც რუსეთს ხორბლის გამოტანაზე აქვს დაწესებული. შესაბამისად, ხორბლის გამოტანის პარალელურად, ფქვილზე იქნება დაწესებული გადასახადი, რომელიც გაათანაბრებს ხორბლისა და ფქვილის მდგომარეობას საბაჟოზე და ამით წისქვილებს მიეცემათ კონკურენციაში შესვლის და ამუშავების საშუალება“, – განაცხადა სილაგავამ.