LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსახლეობას კვლავაც ეკონომიკური და ჯანდაცვასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს: NDI

103
კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ერთ წლის თავზე, მოსახლეობას კვლავაც ეკონომიკური და ჯანდაცვასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს.

პანდემიის მართვა

ახალი კვლევის თანახმად, მოქალაქეები მთავრობის მიერ პანდემიის მართვას კვლავაც დადებითად აფასებენ – 68 პროცენტი, 2020 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 60 პროცენტი იყო, თუმცა ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილნი.

ამავე კვლევაში ნათქვამია, რომ პოლიტიკური კრიზისის ფონზე, მოქალაქეები არჩეული თანამდებობის პირებისგან მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებას ელიან.

ეკონომიკა

NDI-ის კვლევაში ვკითხულობთ, რომ გასული თვეების მსგავსად, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და კოვიდ-19-ის გავლენა ეკონომიკაზე კვლავ მოქალაქეების ყურადღების ცენტრშია.

მოსახლეობის მეოთხედი ამბობს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ, სამსახური დაკარგა (13 პროცენტი) ან ხელფასი/შემოსავალი შეუმცირდა (12 პროცენტი), ხოლო უმრავლესობა თავს უმუშევრად მიიჩნევს.

მშენებლობა, საცალო ვაჭრობა და სარესტორნო მომსახურება

 

მონაცემების მიხედვით, პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად საცალო ვაჭრობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და სარესტორნო სფეროებში დასაქმებული მოქალაქეები დაზარალდნენ.

მოქალაქეების 50 პროცენტი მიიჩნევს, რომ მთავრობის ეკონომიკური გეგმა ეფექტურია, ხოლო მათი ნახევარი, ვინც პანდემიის პერიოდში მთავრობისგან რაიმე სახის ფინანსურ დახმარება მიიღო, ამბობს, რომ ეს დახმარება საკმარისია.

ვაქცინაცია

რაც შეეხება ვაქცინაციას, კვლევის თანახმად, მოსახლეობა კორონავირუსის აცრის მიმართ კვლავ სკეპტიკურად არის განწყობილი.

მთავრობის ვაქცინაციის გეგმას ეფექტურად მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები – 42 პროცენტი აფასებს და მხოლოდ 35 პროცენტი ამბობს, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში, აიცრებოდა;

53 პროცენტი აცხადებს, რომ არ აიცრებოდა. ქალები და 55 წელს ქვემოთ ასაკის მოქალაქეები, სხვებთან შედარებით, ვაქცინაციის მიმართ უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილნი.

ისინი ვინც ამბობენ, რომ აცრას არ გაიკეთებენ, მიზეზად ასახელებენ ვაქცინის ხარისხის მიმართ უნდობლობას – 48 პროცენტი და რწმენას, რომ პანდემიის გადალახვა ვაქცინაციის გარეშეც შეძლებენ – 20 პროცენტი.

საინფორმაციო კამპანია ვაქცინაციაზე

მოქალაქეები კოვიდ-19-ის შესახებ ინფორმაციას უმეტესად ტელევიზიიდან – 60 პროცენტი ან ინტერნეტით 35 პროცენტი იღებენ, ინფორმაციის სანდოობის მხრივ კი, სამედიცინო სფეროს მუშაკებსა – 74 პროცენტი და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს – 68 პროცენტი გამოარჩევენ.

პარლამენტი და სანდოობა საკანონმდებლო ორგანოს მიმართ

მოსახლეობის უმრავლესობას – 54 პროცენტი არ სჯერა, რომ პარლამენტი მათნაირი ადამიანების აზრს ითვალისწინებს და მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრები მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავენ 55 პროცენტი.

საკანონმდებლო ორგანოს მიმართ ნდობის ნაკლებობა პარლამენტის მუშაობაში ჩართვის სურვილზეც აისახება. პარლამენტთან კომუნიკაციის ფორმებზე საუბრისას, მოსახლეობის ყველაზე დიდმა ნაწილმა  – 39 პროცენტმა თქვა, რომ მის საქმიანობაში მონაწილეობა არ სურს.

მოქალაქეებს სურთ, რომ პარლამენტმა, პირველ რიგში, ეკონომიკის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოს.

რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, მოქალაქეები მათგან ინკლუზიის საკითხებზე მუშაობას მოელიან: მოსახლეობის დაახლეობით ნახევარი პარლამენტში ქალებისა და კაცების თანაბარ განაწილებას ემხრობა. ეს მოსაზრება პარტიული სიმპატიების მიხედვით არ იცვლება.

 

“ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, პოლიტიკოსებმა უნდა დაამტკიცონ, რომ მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარება მათი მთავარი პრიორიტეტია,” – განაცხადა , NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა, ალან გილამმა.

მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესის გამართულობა და მოსახლეობის ინფორმირებისთვის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გამოყენება გადამწყვეტ როლს ითამაშებს იმაში, რომ ხელისუფლებამ ამ უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნველყოფა მოახერხოს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის განცხადებაში ვკითხულობთ: საქართველოს მოსახლეობა ელის, რომ არჩეული თანამდებობის პირები მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაზე იზრუნებენ.

“NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით.

კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია ეხმარება მათ საქმიანობას და გამოთქვამენ სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს მსგავსი გამოკითხვები,” – ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის განცხადებაში.

აღნიშნული კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g