საქველმოქმედო ”მშვიდობის ”მატჩში”, რომელიც რომის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა, რონალდინიოს გუნდმა დიეგო მარადონას გუნდი დაამარცხა. ამ ორი ლეგენდის გარდა, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ისეთი გამორჩეული ფეხბურთელები, როგორებიც არიან ფრანჩესკო ტოტი, ხუან სებასტიან ვერონი, რუი კოშტა, ერნან კრესპო, ჯანლუკა ძამბროტა, კაფუ, აბიდალი, რობერ პირესი და სხვა ვარსკვლავები. მოედანზე მარადონა-უმცროსიც გავიდა. გუნდებს ფაბიო კაპელო და აიტორ კარანკა ხელმძღვანელობდნენ.
”თეთრების” გუნდმა ”ლურჯები” 4:3 დაამარცხა. გამარჯვებულთაგან გაიტანეს კანუტემ, კრკიჩმა, კრესპომ და კავენაგიმ. წაგებულთაგან თავი გამოიჩინეს დი ნატალემ, ტოტიმ და ბურდისომ.
”მშვიდობის მატჩის” (უკვე მეორედ ჩატარდა) იდეა რომის პაპ ფრანცისკეს ეკუთვნის. მან თამაშამდე ორგანიზატორები და მონაწილეები ვატიკანში მიიღო. აქციის შედეგად მიღებული სახსრები ჰუმანიტარულ მიზნებს მოხმარდება, მათ შორის 24 აგვისტოს იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს.
https://www.youtube.com/watch?v=UmGQkLrhubY