LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს მასშტაბით, ბავშვებში უცნობი სახის ჰეპატიტი ვრცელდება – რა სიმპტომებს ასახელებენ ჯანდაცვის ექსპერტები

566
Untitled design (7)

კოვიდპანდემიის აფეთქებიდან ორი წლის შემდეგ, საერთაშორისო მედია ახალმა, საგანგაშო ინფორმაციამ მოიცვა.

ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში ჯანდაცვის სპეციალისტები ალაპარაკდნენ აქამდე უცნობ, ახალი ტიპის მწვავე ჰეპატიტზე, რომელიც, ძირითადად, 10 წლამდე ასაკის ბავშვებში ვრცელდება.

უცნობი წარმოშობის ღვიძლის მძიმე ანთების შესახებ გუშინ, ისაუბრეს დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულ ცენტრშიც  და აღნიშნეს, რომ ახლა მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური გამოძიება იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია “ჰეპატიტის აფეთქება”.

სტატისტიკური მაჩვენებლები უკვე საგანგაშოდ გამოიყურება – ცენტრის მონაცემებით, 169 შემთხვევა 12 ქვეყანაში გამოვლინდა.

დაავადების გავრცელების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამაც.

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა განაცხადა, რომ 17 ბავშვს ღვიძლის გადანერგვა დასჭირდა, ერთი მოზარდი კი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

რა ვიცით ახალი იდუმალი დაავადების შესახებ, რა იწვევს და რას იწვევს თავად, როგორია მისი გავრცელების არეალი, რამდენად საგანგაშოა ვითარება და როგორია ჯანდაცვის ექსპერტების პროგნოზი – ამ კითხვებზე პასუხის გაცემას საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით შევეცდებით.

 

 

 

 ჯანდაცვის სპეციალისტების მორიგი თავსატეხი – როგორ დაიწყო ახალი ჰეპატიტის გავრცელება

ჰეპატიტი ღვიძლის ანთებითი დაავადებების საერთო სახელწოდებაა. დაავადებები ფორმების მიხედვით კლასიფიცირდება (A, B, C, D, E). ახლად გავრცელებულ ფორმას სახელი ჯერჯერობით, არ აქვს. მის შესახებ პირველად, აპრილის დასაწყისში, ბრიტანელმა ჯანდაცვის სპეციალისტებმა ისაუბრეს. მაშინ მედიკოსები ამბობდნენ, რომ ჰეპატიტით ძირითადად, 10 წლამდე ასაკის ბავშვები დაავადდნენ.

ინგლისი, შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია იყო ის ოთხი ლოკაცია, სადაც ვირუსის გავრცელება დაიწყო.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სააგენტომ კვლევა მაშინვე დაიწყო.

ჯერ კიდევ 12 აპრილს “გარდიანი” წერდა, რომ იანვრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ღვიძლის ანთება 74 საავადმყოფოში დაფიქსირდა. მაშინ მკვლევრებმა განაცხადეს, რომ კვლევის პროცესში ჰეპატიტის გამომწვევი საერთო ვირუსები არ გამოვლენილა.

 

კოვიდ-19, ვაქცინაცია, გაციების ვირუსები – მეცნიერები ჰეპატიტის გამომწვევ მიზეზებს ეძებენ

 

მეცნიერებმა კვლევა რამდენიმე მიმართულებით დაიწყეს:

◼  გამოძიების ერთ-ერთი აქტიური ხაზი იყო ადენოვირუსები – ვირუსები, რომლებიც სხვადასხვა მსუბუქ დაავადებას იწვევენ და აქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გაციება, ღებინება და დიარეა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩვეულებრივ არ იწვევენ ჰეპატიტს, დაავადებული ბავშვებიდან 74-ს ადენოვირუსები აღმოაჩნდათ;

◼  კვლევის მეორე მიმართულება იყო კოვიდ 19 და ვაქცინა, თუმცა, ოფიციალურმა პირებმა მალევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არ არსებობს კავშირი დაავადებასა და კოვიდვაქცინას შორის, რადგან არცერთი პაციენტი არ იყო ვაქცინირებული.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს მონაცემებით, შემთხვევები ძირითადად ფიქსირდებოდა 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ გასტროენტერიტის საწყისი სიმპტომები – დიარეა და ღებინება, რასაც მოჰყვა სიყვითლის დაწყება.

74 შემთხვევიდან 10 ბავშვს ღვიძლის გადანერგვა დასჭირდა.

“ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი, რომელსაც ჩვენ ვიძიებთ, ადენოვირუსული ინფექციაა. თუმცა, საფუძვლიანად ვიკვლევთ სხვა პოტენციურ მიზეზებსაც.

ჰიგიენური ზომების დაცვა, როგორიცაა ხელების კარგი დაბანა, ბავშვების მეთვალყურეობა და რესპირატორული ჰიგიენა, ხელს უწყობს მრავალი ინფექციის გავრცელების შემცირებას.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მშობლებს, ფრთხილად იყვნენ ჰეპატიტის ნიშნებზე, მათ შორის სიყვითლეზე და ასეთ შემთხვევაში მიმართონ ჯანდაცვის სპეციალისტს”, – განაცხადა ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორმა მერა ჩანდმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ადენოვირუსისა და კოვიდის ერთობლიობაზე, რომელსაც შესაძლოა ჰეპატიტის ახალი შტამი წარმოექმნა.

ჰეპატიტის 169 დადასტურებული შემთხვევიდან 19 პაციენტს ერთდროულად კოვიდიც დაუფიქსირდა და ადენოვირუსიც, 20-ს კი მხოლოდ კოვიდ-19.

“მიუხედავად იმისა, რომ ადენოვირუსი სავარაუდო ჰიპოთეზაა, გამომწვევი აგენტის გამოკვლევები აქტიურად მიმდინარეობს”, – აცხადებენ WHO-ში.

ჯანმოს ცნობითვე, საერთაშორისო მოგზაურობა და სხვა ქვეყნებთან კავშირი, როგორც დაავადების გავრცელების ფაქტორები, ამ ეტაპზე გამოვლენილი არ არის.

ადენოვირუსებზე ამახვილებს ყურადღებას აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრიც:

“CDC-მ დაადგინა, რომ ახალი ჰეპატიტის ზოგიერთი შემთხვევა დაფიქსირდა ბავშვებში, რომლებსაც ჰქონდათ 41 ტიპის ადენოვირუსი, რომელიც ჩვეულებრივ იწვევს სიმპტომებს, როგორიცაა დიარეა და ღებინება, თუმცა, ადენოვირუსი არ არის დაკავშირებული ჰეპატიტის მიმდინარე ეპიდემიის ყველა შემთხვევასთან, რაც გაურკვეველს ხდის მის როლს ამ ეპიდემიაში”, – წერია ინფორმაციაში.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აივის, ჰეპატიტისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პროგრამის სამედიცინო ექსპერტი ფილიპ ისტერბრუკი საეჭვოდ მიიჩნევს ადენოვირუსების, როგორც მაპროვოცირებელი ფაქტორის განხილვას:

“ადენოვირუსისთვის ძალიან უჩვეულოა ამ ტიპის მძიმე სიმპტომების გამოწვევა”, – ამბობს ის და აღნიშნავს, რომ ბავშვებში ჰეპატიტის შესახებ შეტყობინებები ყოველწლიურად ვრცელდებოდა, ახლა კი გაზრდილმა ტესტირებებმა და ინფორმირებულობამ შეიძლება დაადასტუროს უფრო მეტი შემთხვევა დაადასტუროს, რაც ისედაც არსებობდა.

კვლევითი უნივერსიტეტის, ლონდონის საიმპერიო კოლეჯის წარმომადგენელი, მკვლევარი საიმონ ტეილორ-რობინსონი კი “როიტერთან” ასეთ მოსაზრებას აფიქსირებს:

“შესაძლებელია, რომ ბავშვების იმუნური სისტემა, რომელიც კოვიდ 19-ის პანდემიის დროს რამდენიმეთვიანი სოციალური დისტანციის შემდეგ დასუსტდა, ახლა უფრო დაუცველი იყოს ისეთი დაავადებების მიმართ, როგორიც არის ჰეპატიტი”.

 

 

“ჰეპატიტის აფეთქება” – დაავადების გავრცელების არეალი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 23 აპრილს გამოქვეყნებული მონაცემებით, უცნობი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტის სულ მცირე 169 შემთხვევა გამოვლინდა 12 ქვეყანაში, საიდანაც ყველაზე მეტი – 114 შემთხვევა დიდ ბრიტანეთში ფიქსირდება.

შემთხვევების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • გაერთიანებული სამეფო – 114;
  • ესპანეთი – 13;
  • ისრაელი – 12;
  • აშშ – 9;
  • დანია – 6;
  • ირლანდია – 5;
  • ნიდერლანდები – 4;
  • იტალია – 4;
  • ნორვეგია – 2;
  • საფრანგეთი – 2;
  • რუმინეთი – 1;
  • ბელგია – 1.

 

 

 ახალი ჰეპატიტის სამიზნე ჯგუფი – ინფიცირებულების ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა 

მეცნიერების შეშფოთებას იწვევს როგორც დაავადების გამომწვევი მიზეზის არცოდნა, ასევე დაავადების მიმდინარეობის სიმძიმე.

ინფიცირებულთა ასაკი 1 თვიდან 16 წლამდეა.

“მიუხედავად იმისა, რომ ბოლოდროინდელი ჰეპატიტის შემთხვევების სიმძიმე შემაშფოთებელია, შემთხვევების საერთო რაოდენობა ჯერ კიდევ დაბალია”, – ამბობს ღვიძლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის ევროპული ასოციაციის თავმჯდომარე მარია ბუტი.

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ბავშვებში მიმდინარე ახალი ჰეპატიტის სიმპტომებს აღწერს

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გამოვლენილ შემთხვევებს შორის კლინიკური სინდრომია ღვიძლის მწვავე ანთება საგრძნობლად მომატებული ღვიძლის ფერმენტებით.

ჰეპატიტის გამოვლენამდე, ბავშვების დიდ ნაწილს აღენიშნებოდა მუცლის ტკივილი, დიარეა და ღებინება, ასევე სიყვითლე. პაციენტების უმრავლესობას არ ჰქონდა სიცხე. ინფიცირებულებში არ გამოვლენილა გავრცელებული ვირუსები, რომლებიც იწვევენ აქამდე ცნობილ მწვავე ვირუსულ ჰეპატიტს.

დაავადებული ბავშვების უმეტესობა მანამდე სრულიად ჯანმრთელი იყო.

 

ჯანდაცვის ორგანიზაციები პრობლემის გადასაჭრელად ერთიანდებიან – ეპიდკვლევები გრძელდება

მიუხედავად სხვადასხვაგვარი მოსაზრებებისა, ჯერ კიდევ უცნობია ახალი ჰეპატიტის გამომწვევი მიზეზი, გავრცელების გზა და მკურნალობის საშუალებები, თუმცა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია პრევენციის ცენტრებთან ერთად განაგრძობს დაავადების გამოკვლევის მხარდაჭერას.

“WHO და ECDC მხარს უჭერენ ქვეყნებს მიმდინარე გამოკვლევებში და აგროვებენ ინფორმაციას იმ ქვეყნებიდან, სადაც შემთხვევები ფიქსირდება. ყველა ინფორმაცია ვრცელდება ამა თუ იმ ქვეყნის ჰეპატიტის ქსელებისა და კლინიკური ორგანიზაციების მეშვეობით.

ევროპაში შემთხვევების აღსარიცხავად ევროპის ზედამხედველობის სისტემის გამოყენებით შეიქმნება მონაცემთა ერთობლივი ბაზა.

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტო მითითებებს უზიარებს დაზარალებულ ქვეყნებს საეჭვო შემთხვევების საფუძვლიანი გამოძიების მხარდასაჭერად.

“ჰიპოთეზები, რომლებიც დაკავშირებულია კოვიდვაქცინების გვერდით მოვლენებთან, ამჟამად, მხარდაჭერილი არ არის, რადგან დაავადებული ბავშვების დიდი ნაწილი აცრილი არ არის”, – აცხადებენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში.

როგორც ჯანმოში აღნიშნავენ, ფართო ძიებასთან ერთად, სანამ ზუსტი მიზეზი  დადგინდება და პრევენციული ღონისძიებები განხორციელდება, დიდი ალბათობით, უფრო მეტი შემთხვევაც გამოვლინდება.

magti 5g