მთავრობა სასურსათო პროდუქტების ფასის დაზღვევის მიზნით სუბსიდირებას არ გეგმავს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეორნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მსგავსი ინტერვენციის საჭიროების წინაპირობები არ არსებობს.
„რაც შეეხება პროდუქტების სუბსიდირებას, ჩვენ იმპორტის წახალისება გავაკეთეთ, რადგან არაორდინალური ნაბიჯები იყო გადადგმული მეზობელი ქვეყნების მხრიდან, რაც უკავშირდებოდა ექსპორტების ლიმიტირებას და სხვადასხვა ბარიერს. ასეთი რამ ახლა არ მოიაზრება, ასეთი წინაპირობები ბაზარზე არ არსებობს და შესაბამისად, მსგავსი ტიპის ინტერვენციას ახალ არ ვგეგმავთ“, – აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, გაზაფხულზე, პანდემიის პირველი ეტაპის დროს, 9 სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის დაზღვევისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყო. პროგრამა ითვალისწინებდა იმპორტიორი კომპანიებისთვის 2020 წლის 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით, პროდუქტების იმპორტის მიზნით, უცხოურ ვალუტაში გაწეული ხარჯის სავალუტო კურსით გამოწვეული ცვლილების სუბსიდირებას ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა: ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო.