“ქართული ოცნების” ერთ-ერთი წევრი ელისო ბოლქვაძე აცხადებს, რომ მუსიკალური ინსტრუმენტების შესაძენად ერთი დიდი კანონი უნდა შემუშავდეს. აღნიშნული განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსთავში, კულტურის ცენტრში იმყოფებოდა.
მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებისთვის მუსიკალური ინსტრუმენტების შეძენა მოხდეს, რადგან “ეს უბედურება უნდა დამთავრდეს, იმიტომ, რომ სირცხვილია”.
“ინსტრუმენტების უბედურება არის ყველგან. ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ რამე ისეთი, მაგალითად, “იამაჰასთან” ან რომელიმე ისეთ ფირმასთან, რომელიც ძალიან ძვირი არ არის, რეგიონებს შევუსყიდოთ როიალები. ეს გამორიცხულია სხვანაირად. რადგან ამაზე დაკვრა, დიდი ბოდიში როიალთან, მაგრამ რა ვქნათ ახლა. ეს არის ასი წლის წინანდელი ინსტრუმენტები, რომლებსაც არც ამწყობები ჰყავს თან. უნდა განვავითაროთ ინსტრუმენტის ამწყობების ტექნიკა, რაც არ არსებობს. ორი ადამიანია, ძირითადად, საქართველოში. ეს უბედურება უნდა ავამთავროთ, იმიტომ, რომ სირცხვილია.
ეს, რაც როიალებს შეეხება. რაც შეეხება ვიოლინოებს, იგივე მდგომარეობა იქნება, დარწმუნებული ვარ. ამიტომ უნდა შემუშავდეს ერთი დიდი კანონი, სადაც მუსიკალურ ინსტრუმენტებს შეიძენს საქართველო. ამას ვერ შეიძენს ვერც მუნიციპალიტეტები და ვერც კერძო პირები. “სტრადივარიუსებზე” არ მაქვს საუბარი, მაგრამ ჩვეულებრივ, ნორმალურ ინსტრუმენტებზე, სადაც ბავშვს არ დაეზარება დაკვრა”, – ამბობს ელისო ბოლქვაძე.
ელისო ბოლქვაძე რუსთავის კულტურის ცენტრში მყოფ ადამიანებს დაჰპირდა, რომ აღნიშნული პრობლემა მისი პარლამენტში ყოფნის დროს მოგვარდება.
