LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაცნობ კომპოზიციებს ახალი ვერსიით შევასრულებთ, თუმცა იქნება ბევრი ახალი კომპოზიციაც, რომლებიც მანამდე არასდროს გვიმღერია” – „თეატრალურის კვარტეტის“ 20 წლის იუბილე და ვარსკვლავის გახსნა

22
თეატრალურის-კვარტეტი

24 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ის სტუმრებმა „თეატრალურის კვარტეტის“ წევრებმა საკუთარ შემოქმედებასა და 3 ნოემბერს დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრეს, რომელიც კვარტეტის 20 წლის იუბილეს და ვარსკვლავის გახსნას მიეძღვნება.

კვარტეტის ისტორია – კვარტეტის ისტორია თეატრალურ ინსტიტუტში დაიწყო 2003 წელს. მე, ოთო და კობა კურსელები ვიყავით, ძალიან გვიყვარდა სიმღერა, ამიტომ შესვენებებზე ვიკრიბებოდით და ჩვენთვის ვღიღინებდით. მოგვიანებით ირაკლის დავუკავშირდით, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობდი, მერე დათო არჩვაძეს ვთხოვეთ დახმარება და სწორედ მან ითავა კვარტეტის ხელმძღვანელობა. სადებიუტო სიმღერად მაცაცო სებისკვერაძის „მეფის ქალი“ ავირჩიეთ, ქეთი გაბისიანის „სატრფიალო“ – ჩვენი პირველი ჩანაწერი გახდა, სცენაზე პირველად კი, ნატო გელაშვილის კონცერტზე გამოვედით ფილარმონიაში.

რა თქმა უნდა, ხშირად ვკამათობთ, კონცერტის წინაც მოგვსვლია სერიოზული კამათი, მაგრამ ჩვენი განწყობა არასდროს არ აისახება შესრულებაზე. კამათის მიზეზი მეტწილად ჩვენი მუსიკა ხდება, ყველას საუკეთესო ხარისხის ნამუშევრის შექმნა გვინდა, თუმცა რადიკალურად განვსხვავდებით ერთმანეთისგან, იდეებიც განსხვავებული გვაქვს, ამიტომ ყველაფერზე შეგვიძლია ვიდავოთ. მართალია, რთული პერიოდებიც გვქონია, როცა ძალიან გვიჭირდა ფინანსურად, მაგრამ მატერიალური პრობლემები არც ჩვენს ურთიერთობაზე აისახება, არც შემოქმედებაზე.

მართალია, ყოველთვის გვახარებს გასტროლებით საზღვარგარეთ მოგზაურობა, მაგრამ ბევრად ფასეულია, საქართველოს რეგიონებში მოწყობილი კონცერტები, რადგან ყოველთვის განსაკუთრებული გარემო და განწყობაა.

სიამოვნებით ვიხსენებთ ფლორენციაში მოწყობილ კონცერტს, რომელიც საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში გაიმართა. უნიკალურ შენობაში – უდიდესი მხატვრების მოხატულ პალაცო დე ვეკიოს დარბაზში გვქონდა გამოსვლა, სადაც მანამდე საერთოდ არ ეწყობოდა კონცერტები, რადგან იტალიელები ძალიან უფრთხილდებიან საკუთარ განძს. თუმცა, ჩვენთვის გამონაკლისი დაუშვეს და სწორედ ბრწყინვალე დარბაზში შევასრულეთ რამდენიმე ფოლკლორული და ქალაქური სიმღერა. კონცერტის შემდეგ ხანდაზმული ქალბატონი მოვიდა ჩვენთან, „ის, რაც ახლა მოვისმინე, იმ ფერწერულ შედევრებზე მეტია, რომლებიც ამ დარბაზს ამშვენებენო“, – გვითხრა და ალბათ, სწორედ ეს იყო ყველაზე დიდი შექება ჩვენთვის.

20 წელი სცენაზე – 3 ნოემბერს, თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ ,,თეატრალურის კვარტეტის“ სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნება

ვარსკვლავის გახსნა – რამდენიმე წელი ვიკავებდით თავს, რადგან ვთვლიდით, რომ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით და ჯერ არ ვიმსახურებდით ვარსკვლავის გახსნას, თუმცა საბოლოოდ მაინც დავთანხმდით. 3 ნოემბრის კონცერტზე, რომელიც სწორედ ვარსკვლავის გახსნას მიეძღვნება მსმენელი 20 წლის მანძილზე შექმნილ კომპოზიციებს მოისმენს.

რა თქმა უნდა, ნაცნობ კომპოზიციებს ახალი ვერსიით შევასრულებთ, თუმცა იქნება ბევრი ახალი კომპოზიციაც, რომლებიც მანამდე არასდროს გვიმღერია. პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელობა ჩვენმა მეგობარმა, არაჩვეულებრივმა კომპოზიტორმა ქეთი გაბისიანმა ითავა, რომელიც ყოველთვის მხარში გვიდგას და გვეხმარება, რეჟისორი კი, ბაკურ ბაკურაძე იქნება. მუსიკალურ თანხლებას ოპერისა და ბალეტის ორკესტრი გაგვიწევს მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით, თუმცა გვეყოლებიან სტუმრებიც – ბენდი პაატა ანდღულაძის, ლევან დეისაძის, ირაკლი მენთეშაშვილის, ზაზა ცერცვაძის, დიტო საკანდელიძისა და უჩა მეტრეველის შემადგენლობით.

მართალია, ვარსკვლავის გახსნა დიდი პატივია, მაგრამ უზარმაზარი ტვირთიცაა, რადგან 20-წლიანი შემოქმედების შეჯამების შემდეგ ახალ ეტაპს ვიწყებთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადოთ ყველას, ვინც 20 წლის მანძილზე გვედგა მხარში, დიდად ვემადლიერებით  ჩვენს თაყვანისმცემელს, რომელიც ყოველთვის უზარმაზარი სიყვარულს გვაჩუქეს. მიხარია, რომ ხანგრძლივი კარიერის მიუხედავად, მაინც შევინარჩუნეთ ენთუზიაზმი და ძველი შემართება, ყველა რეპეტიცია გვახარებს და ყველა კონცერტი გვაძლიერებს.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერიას და კულტურის სამინისტროს, რადგან მათი მხარდაჭერის გარეშე არც ვარსკვლავი გაიხსნებოდა, არც კონცერტი მოეწყობოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები