ბათუმში დააკავეს მოჭიდავეები, ძმები ფირუზ და რევაზ წულუკიძეები. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ შსს-ში დაუდასტურეს.
შსს-ს ცნობით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ აქციაზე ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, ძმები წულუკიძეების გარდა, კიდევ 4 პირია დააკავებული.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ და საგამოძიებო ღინისძიებების შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ქალაქ ბათუმში 1987 წელს დაბადებული რ.წ. 1993 წელს დაბადებული ფ.წ. 1997 წელს დაბადებული თ.ჭ. 1995 წელს დაბადებული თ.ჭ. 1999 წელს დაბადებული გ.ჭ. და 2000 წელს დაბადებულ ი.ჭ. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.”
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში ,,ნამახვანჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა.”
უწყების ცნობით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფირუზ და რევაზ წულუკიძეები იმყოფებოდნენ იმერეთში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტების მხარდასაჭერად. წულუკიძეების ერთ-ერთი მეგობრის თანახმად, უცნობმა პირებმა ფირუზ წულუკიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც ჩხუბში გადაიზარდა. ძმები ბათუმში დაბრუნების შემდეგ, წუხელ დააკავეს.
