„ბოდიშთან“ დაკავშირებული ოპოზიციის ინტერპრეტაციები არა სერიოზული განსჯის და ანალიზის საფუძველს იძლევა, არამედ მხოლოდ იმას გვიმტკიცებს კიდევ ერთხელ, რომ ხელისუფლებაში არ უნდა მოვუშვათ ადამიანები, რომლებიც ამას ცდილობენ ყველანაირი ტყუილის ფასად, ყველაფერზე ხელის აღების ფასად და საკუთარი გადაფურთხებულის ალოკვის ფასად, – ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში, წინასაარჩევნო შეხვედრისას ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებულ განცხადებებზე ოპოზიციის გამოხმაურებებს.
მისი თქმით, ყველაზე მეტად აღშფოთდნენ ის ადამიანები, რომლებმაც 2008 წლის ნოემბერში ევროსაბჭოს იმ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი, სადაც სხვა სიტყვებით, მაგრამ შინაარსობრივად სწორედ ის ეწერა, რაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა.
„“ბოდიში“ და არჩევნები
ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში წინასაარჩევნო მიტინგზე ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებულმა განცხადებამ დიდი აჟიოტაჟი და წივილ-კივილი გამოიწვია ოპოზიციაში.
ერთმანეთს ეჯიბრებიან ამ განცხადების ინტერპრეტირებაში და იმაში, ვინ უფრო მაგრად გალანძღავს „მოღალატე“ ივანიშვილს.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე გორში
„გაუმარჯოს ქართლელებს! გაუმარჯოს ჩვენს ოს დებსა და ძმებს! გაუმარჯოს ერთიან საქართველოს!“
ჩასაფრებული ხალხის მხრიდან მრავალნაირი კუდები გამოება.
ზოგი იმას წერდა, გიორგი ანწუხელიძის მკვლელებისთვის ბოდიშის მოხდას ითხოვს ბიძინაო, ზოგის ინტერპრეტაციით, რუსეთს უხდის ბოდიშსო, ზოგის აზრით, ქართველ ერს ამცირებს და შეურაცხყოფას აყენებსო და ა. შ. მათ იმის მოსმენაც კი არ უნდოდათ, რომ ომის დამნაშავეებს ბოდიში კი არა, სასჯელი ეკუთვნით, ხოლო ბოდიში სულ სხვა კონტექსტშია ნათვამი.
მოდით ვნახოთ, რა განაცხადა მან სიტყვა-სიტყვით „ბოდიშთან“ დაკავშირებული განცხადების გაკეთებისას და მერე შევაფასოთ მისი ავ-კარგი:
„26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე “ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები. და რადგან ჩვენი, ქართველებისა და ოსების ქრისტიანული რწმენის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი სწორედ შენდობაა, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მტრების მიერ ჩვენი ხალხებისათვის თავსმოხვეული ძმათამკვლელი დაპირისპირება სწორედ რომ ისტორიული ურთიერთპატიებით და გულწრფელი შერიგებით დასრულდება“
ანუ „ბოდიში უნდა მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე “ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმებიო.
ყველაზე კურიოზული ამ განცხადებაზე რეაგირებაში ის არის, რომ ყველაზე მეტად აღშფოთდნენ ის ადამიანები, რომლებმაც 2008 წლის ნოემბერში ევროსაბჭოს იმ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი, სადაც სხვა სიტყვებით, მაგრამ შინაარსობრივად სწორედ ის ეწერა, რომ
„2008 წელს სააკაშვილის ხელისუფლების ინიციატივით დაწყებულმა ცხინვალის დაბომბვამ ცეცხლის ალში გახვია ქართველები და ოსები“.
რაც შეეხება სიტყვა „ბოდიშს“, ამაზე ყველაზე მეტად ის არასამთავრობო ორგანიზაციები აღშფოთდნენ, რომლებმაც 2007 წლის მარტში თვითონ წამოიწყეს კამპანია „ბოდიში“ ტყვიების ნაცვლად!“
მაშინ ჯერ კიდევ არ იყო მომხდარი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ცხინვალში, რის გამოც ეს „ბოდიშისკენ მოწოდება“ ეხებოდა მხოლოდ ქართველების ურთიერთობას აფხაზებთან.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ აფხაზებთან მიმართებაში უფრო რთული იყო თავის დადანაშაულება და ბოდიშის მოხდა, რადგან აფხაზებმა არაერთი პროვოკაციული ქმედებით ბევრწილად გამოიწვიეს 90-იანი წლების დასაწყისში ძმათამკვლელი ომი.
როგორც ჩანს, უსინდისობას მართლაც არა აქვს ზღვარი.
2007 წელს უცხოეთის რომელიღაც ფონდიდან დაფინანსებული ამ პროექტის ფარგლებში უჩა ნანუაშვილის არასამთავრობო ორგანიზაციით არა მხოლოდ ეს კამპანია იქნა აგორებული საქართველოში, არამედ 3-სერიანი დოკუმენტური ფილმიც იქნა გადაღებული სხვადასხვა არასამთავრობო თუ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ინტერვიუებით გადავსებული, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ სწორედ ბოდიშის მოხდის აუცილებლობის გაცნობიერება მიგვიყვანს ქართველებს და აფხაზებს ურთიერთნდობის აღდგენისკენ, რაც თავის მხრივ, შექმნის ქვეყნის გაერთიანების პირობებს.
ასე რომ, „ბოდიშთან“ დაკავშირებული ოპოზიციის ინტერპრეტაციები არა სერიოზული განსჯის და ანალიზის საფუძველს იძლევა, არამედ მხოლოდ იმას გვიმტკიცებს კიდევ ერთხელ, რომ ხელისუფლებაში არ უნდა მოვუშვათ ადამიანები, რომლებიც ამას ცდილობენ ყველანაირი ტყუილის ფასად, ყველაფერზე ხელის აღების ფასად და საკუთარი გადაფურთხებულის ალოკვის ფასად“, – წერს ნანა კაკაბაძე.