ნათია ფანჯიკიძე თამარ მაყაშვილის გარშემო აგორებულ სკანდალს და წერს, რომ აჯობებს, რომ სინამდვილის შეცვლას დავახარჯოთ ენერგია და არა სისასტიკის გამოვლენას:
„როცა მსხვერპლშეწირვის მორიგი რიტუალი იმართება ჩვენს ქვეყანაში, უმეტესწილად ვდუმვარ, რადგან ამ დროს, ხშირად კეთილი სიტყვის შეწევაც ტირაჟირებაა, მორწყვაა ამბის. მხოლოდ მაშინღა მინდება ხმის ამოღება, თუ ისეთ ფორმას იღებს, ადამიანს სასიცოცხლო გზას უჭრიან, მის განდევნას ცდილობენ მისი ცხოვრების მთავარი მასულდგმულებელი ადგილიდან. ყვავილს რომ ამოთხრი, გადააგდებ უსულოდ და ორმოს დატოვებ საფლავივით.
დღემდე ნოსტალგია მაქვს ქურთი ქალების ატლასის ფრიალა და ფერადფერადი კაბების, ოქროსფერ ფოთლებს რომ აგროვებდნენ სწორედ ამ სეზონზე და დაუვიწყარ ესთეტიკას ქმნიდნენ ამ ქალაქისთვის, ნოსტალგია მაქვს მათი ჯინჯილების ჩხარუნის, მათი ოქროს რგოლების, ჩემი საყვარელი საყურეა რგოლები დღესაც. უამრავჯერ მითქვამს, ქურთი ქალივით გამოვეწყვემეთქი, საკუთარი თავის მიმართ ირონიით, რადგან ფერები უზომოდ მიყვარს, მაგრამ ფერებში რომ საკმარისად კარგად აზროვნებდე, იმის მსგავსი მგრძნობელობა უნდა გქონდეს, ვისაც უნებურად ბაძავ.
ვერასდროს მოხატავ ხალიჩას სპარსივით, ვერასდროს აფერადდები ინდოელივით გემოვნებით, ვერასდროს ააწყობ კომპოზიციას 30+ ფერით აფრიკელივით, არ უნახავს შენს თვალებს საკმარისად ინტენსიურად ის ფერადი გარემო და იმიტომ, ვერასდროს შეიძენ იმ მშვენიერებას, რაც ქურთ ქალებს აქვთ, შენ მხოლოდ ბაძავ და რადგან ბაძავ, ხშირად სასაცილოც ხარ, რაღა თქმა უნდა.
რამდენჯერ უთქვამს ჩემს ძმას, ეზოში რომ შემხვედრია – რა ამბავი ფერია? თუთიყუშს რატომ ჰგავხარ? გამოვიცვლიდი ხოლმე, სხვანაირად შევეცდებოდი და მაინც სხვა ჯიშის თუთიყუშივით ვიცვამდი. ერთ ჩემს უმშვენიერეს ქვედაკაბაზე ირაკლიმ მითხრა, ფარშევანგს ჰგავხარო და მას მერე აღარ ჩამიცვამს, მანამდე იმ ქვედაკაბას ტალახიანი ზღვის ტალღას ვეძახდი და იმიჯი რომ შემიცვალა ჩემი იმიჯი გამიფანტა, ფარშევანგობა კი სულ არ მინდოდა. ბოშა ქალი რამდენ ქვეყანაში რამდენი მწერლის, პოეტის, არტისტის მუზა იყო ყოველთვის, მშვენიერების ეტალონი, მაგრამ ხელოვნურად ატყეპებული ბოშური ჩაცმულობა შეიძლება გაგიშაყიროს ვინმემ, ეს შაყირი შენ გეკუთვნის უხეირო მცდელობისთვის და არა მას, ვინც ამ ფერებში, ამ ესთეტიკაში დღესასწაულს ქმნის. ჰოდა, ორი დღის წინ ჰელოუინზე ვწერდი და ამის თქმაც არ იქნება ზედმეტი – ზღაპრის და საშიში ფილმის გმირების კოსტიუმებით სირბილი თამაშია, ეს მსხვერპლშეწირვის რიტუალები კი, რაც ჩვენ თვალწინ იმართება ხშირი პერიოდულობით, სინამდვილე. სინამდვილის შეცვლას დავახარჯოთ ენერგია, სისასტიკის აკუმულირებას შევუშალოთ ხელი, ყველასთვის აჯობებს.
მაშინაც კი, როცა სულაც არ მომწონს რომელიმე ადამიანი ან უფრო სწორად მისი ქცევა, თუ ვინმე გასაშაყირებლად გამოდებს, არასდროს ვალაიქებ. სადაც ხროვა გროვდება, ხორხოცის ენერგია იწყებს ადუღებას, პოსტებს ვაჰაიდებ. ხელს რატომ არ ვუშლი? დავიღალე. მოსაწყენი პედაგოგი დეიდა გამოვსულვარ ხშირად, ჰოდა, აღარც ეს მინდა. ლამის ყოველი მეორე ბულერია. დანდობა რომ არავისი ვიცით, სწორედ ამიტომ ვირჩევთ მოძალადეებს და სწორედ ამიტომ დაეკარგა აზრი არჩევნებსაც კი. ვინ უნდა ავირჩიოთ, ჩვენ რომ არ გვგავდეს ისეთი? ჩვენ კიდევ რას ვგავართ? მართლა ჰელოუინის ბუღდაჯანებს.
თუკი რამის ჩასწორების უფლებას თავს მივცემდი – ბავშვის ჩაცმულობა არასდროს დაიწუნოთ უფროსებო. ამას წინ თინა საქმიან შეხვედრაზე წამომყვა, დამტოვებელი არ მყავდა და სრული სერიოზულობით მოეკიდა საქმეს – პომადა წაისვა, თავზე დიადემა დაისკუპა, გაიკეთა პლასტმასის ბეჭდები, ბრასლეტი, მძივი, გადაიკიდა ცისფერი, პატარა ჩანთა და აი, ასე იჯდა მოლაპარაკების მაგიდასთან ჩემს გვერდით. სულელი რომ ვარ, ფოტო არ გადავუღე, ან იმიტომ არ გადავუღე, რომ ეს სრულებით ბუნებრივი იყო ჩემთვის. ბავშვის თვალით აღქმული თავისთავი და გარესამყარო ყველაზე მშვენიერია, მშვენიერებათა შორის“.