მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
კომპანია „ნენსკრა ჰიდროს” ინფორმაციით, ამჟამად ადგილზე 20-მდე ერთეული მძიმე ტექნიკაა მობილიზებული. 5 ივლისის სტიქიით დაზიანებული გზის რეაბილიტაცია 2018 წლის ბოლომდე დასრულდება. შედეგად ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილება გაუადვილდება, სამშენებლო კომპანია კი კაშხლის სამშენებლო ტერიტორიაზე მიიღებს წვდომას.
მოსამზადებელი სამუშაოების მომდევნო ეტაპი მდინარე ნენსკრაზე 3 ხიდის მშენებლობა იქნება. სამუშაოებს „ნენსკრა ჰიდროს“ სუბკონტრაქტორი კომპანია „ქართული სამშენებლო კონსორციუმი“ ახორციელებს.
პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში ხიდებისა და გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, სამშენებლო ბანაკებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას მოიცავს, 2019 წლის ბოლოს დასრულდება.