ნიდერლანდებში პროფესიონალური ფეიერვერკი იარაღს შეადარეს. ეს ნიშნავს, რომ ასეთი პიროტექნიკის შენახვა შესაბამისი ნებართვის გარეშე, შესაძლოა ციხით დასრულდეს. სიახლის შესახებ NL Time წერს.
საუბარია იმ ფეიერვერკზე, რომელიც განსაკუთრებულ ხმაურს იწვევს და დიდი ზომების ნათებითაც გამოირჩევა. ნიდერლანდების მთავრობა ფიქრობს, რომ ასეთი პიროტექნიკა ხელის ყუმბარის ტოლფასია. ამ კატეგორიის ფეიერვერკის გამოყენება მხოლოდ კომპანიებს შეუძლიათ, ისიც შესაბამისი ლიცენზიითა და მომზადებული პერსონალით.
მსგავსი ფეიერვერკის შენახვა კერძო პირებს სასტიკად აეკრძალებათ. რაც პოლიციას ჩხრეკის ჩატარების უფლებას, სასამართლოს კი კანონდამრღვევის წინააღმდეგ სხვადასხვა სასჯელის, მათ შორის 8 წლამდე პატიმრობის გამოყენების საშუალებას მისცემს.
აღსანიშნავია, რომ ფეიერვერკთან დამოკიდებულებას ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ გადახედა, განსაკუთრებით საახალწლო პერიოდში. ამ გზით ისინი ტრავმების შემცირებას და ცხოველებისა და ფრინველების დაცვას იმედოვნებენ.