უშბის მთაზე, ალპინისტისა და სამთო გიდის, 29 წლის ნიკოლოზ ფალიანის დაღუპვის გამო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილშია აღნიშნული, ნიკოლოზ ფალიანმა დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ტურიზმის, განსაკუთრებით კი სათავგადასავლო და სამთო ტურიზმის განვითარებაში და მისი გარდაცვალება მძიმე დანაკარგია სრულიად ტურიზმისთვის.
„საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მწვერვალ უშბაზე ექსპედიციის დროს ალპინისტ ნიკოლოზ ფალიანის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.
ნიკოლოზ ფალიანი იყო გამორჩეული ალპინისტი და პროფესიონალი სამთო გიდი. ნიკოლოზმა დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ტურიზმის, განსაკუთრებით კი სათავგადასავლო და სამთო ტურიზმის განვითარებაში.
მისი გარდაცვალება მძიმე დანაკარგია სრულიად ტურიზმისთვის.
ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებთ ნიკოლოზის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მწვერვალ უშბაზე ექსპედიციის დროს ალპინისტ ნიკოლოზ…
Posted by ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration on ხუთშაბათი, 22 მაისი, 2025
შეგახსენებთ, ალპინისტი და სამთო გიდი, 29 წლის ნიკოლოზ ფალიანი უშბაზე ექსპედიციის დროს დაიღუპა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სვანეთში, უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა 4 პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი სიმაღლიდან გადავარდა.
„უმოკლეს დროში, მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა ძებნა-შველის ღონისძიების დაგეგმვა და თბილისიდან გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფთან ერთად.
მეხანძრე-მაშველების მიერ, 3600 მეტრის სიმაღლეზე, სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მოხდა 3 პიროვნების უვნებლად აყვანა ვერტმფრენში და გარდაცვლილი პიროვნების ცხედრის ნახვა. გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ჩასვენებულია მესტიაში“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.