მომღერალი ნინი ქარსელაძე ჟურნალ „თბილისელების“ ახალ ნომერში, რუბრიკაში „გავლილი რთული პერიოდები“, საკუთარი ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდზე საუბრობს და ასევე ჰყვება ფონდზე – „არ დანებდე“, რომელიც ცოტა ხნის წინ დააფუძნა.
ამავე ინტერვიუში ნინი ქარსელაძე საუბრობს მის მიმართ ბულინგზე და მასთან გამკლავების გზებზე.
„ბევრი წელია, ბულინგი ჩემზე აღარ მოქმედებს. ამას მაშინ მივხვდი, როცა ერთ-ერთი გადაცემის მერე რამდენიმე კომენტარს გადავავლე თვალი. ბულინგი ჩემთვის შექების ტოლფასია. ყველა იმ ადამიანის რჩევას ვითვალისწინებ, ვინც კომპეტენტურია, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია.
მე არ მაქვს „ფეისბუკი“, ამით ჩემს თავს ვიცავ და შესაბამისად, იქ რა სიბინძურეც ხდება, კერძოდ, ადამიანები ერთმანეთს ისეთ რაღაცებს უწერენ და უსურვებენ, რომ არ წაიკითხება. ამაზე მეტი გულსატკენი რა უნდა იყოს, ქართველი ქართველს სიკვდილს რომ უსურვებს? მსგავსი ადამიანებისგან რა უნდა გეწყინოს?! „ინსტაგრამზე“ ვარ, თუმცა იქაც ფილტრაციას ვახდენ და არ მომდის აგრესიული ტიპის ესემესები. თუ რაიმე გაიპარა, ასეთ ადამიანებს მომენტალურად ვბლოკავ. ადამიანები ვართ და როცა რამე მსგავს უმსგავსობას კითხულობ, გული როგორ არ გეტკინება? ენას ძვალი არ აქვს, მაგრამ კბილები იმიტომ მოგვცა ღმერთმა, ზოგჯერ უნდა დავაჭიროთ ენას და ყველაფრის თქმის უფლება არ უნდა მივცეთ საკუთარ თავს. სამწუხაროდ, ეს ზღვარი არ არსებობს. სხვათა შორის, ძალიან ემოციური ვიყავი, მაგრამ რაღაც პერიოდის მერე ემოციის მართვა ვისწავლე. ჩემი ემოციები გადადებული მაქვს უკან და ყველაფერს ძალიან ცივი გონებით ვუყურებ“, – ამბობს ნინი ქარსელაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში.
