27 სექტემბერს ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე” იტალია-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 30 წლისთავთან დაკავშირებით საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.
საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა გადაირიცხება ქართველ, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისა და ასევე მეგობარი უკრაინელი ოჯახებისა და ბავშვების დასახმარებლად Unicef-ის დახმარებით.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ – მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე, სოპრანო ბარბარა ფრიტოლი, ტენორი კარლოს ვენტრე, ბარიტონი სიმონე პიაცოლა, ბანი გიორგი ანდღულაძე, მაესტრო ჯუზეპე საბატინი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი.
„ბილტმორში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც ფონდის დამფუძნებელმა კოლეგებთან ერთად გამართა, 27 სექტემბრის კონცერტის დიდ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ბარბარა ფრიტოლი:
საქართველოზე, აქ ჩამოსვლამდე, ბევრი რამ ვიცოდი, რადგან ჩემი პიანისტი არის ქართველი, მზია ბახტურიძე. ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი რამ აქვს მოყოლილი. მისი ხელით მომზადებული ქართული კერძები მაქვს გასინჯული. ამ დილით ჩამოვედი და ჯერ ვერაფერი ვნახე, მაგრამ აქ კეთილი საქმის გასაკეთებლად ჩამოვედი. საქართველოს შესახებ ჩემს ახალგაზრდობაში უკვე ყველაფერი ვიცოდი მას შემდეგ, რაც ქვეყანა დამოუკიდებელი გახდა, სწრაფვა თავისუფლებისთვის ჩვენთვის ძალიან ახლობელია და იტალიელი ხალხი ყოველთვის გვერდში ედგა ქართველ ხალხს. ბავშვების მდგომარეობა ჩვენი სინდისის საქმეა და ის, რაც ხვალ მოხდება, ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას გთხოვთ, დავეხმაროთ ბავშვებს.
ნინო სურგულაძე:
27 სექტემბერს, 22:00 საათზე გაიმართება „ნატვრის ხის“ კონცერტი და ყველა გავერთიანდებით ერთი მიზნისთვის, ქართველი და უკრაინელი ბავშვების გადასარჩენად. ისინი არიან ჩვენი შვილები და ყველას ერთნაირად გავუნაწილებთ თქვენ მიერ გაღებულ შემოწირულობას. ჩვენ უნდა მოგაწვდინოთ მათი ხმა, ამ ბავშვების ხმას წარმოვადგენთ. ყველა ეხმარება ერთმანეთს, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი. ყველა უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი საქმით მეტი წვლილი შევიტანოთ. დამიჯერეთ, თითოეული ერთი ლარი გადაარჩენს ბევრ სიცოცხლეს და შეცვლის მათ რეალობას. ასე რომ, ყველას გელით ხვალ თბილისის ოპერის თეატრში და ასევე „რუსთავი 2“-ის ეთერიდანაც…
ღონისძიება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.
ღონისძიების პარტნიორია თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი.
საქველმოქმედო კონცერტი „რუსთავი 2″-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემა და მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, დარეკოს საქველმოქმედო ნომერზე: 0901900999. ზარის ღირებულებაა 1 ლარი.