ინდოეთის დედაქალაქში გამოფენა გაიმართა, სადაც 150-მდე რარიტეტული ავტომობილის ნახვა იყო შესაძლებელი, მათ შორის ისეთი მარკებისაც, რომლებიც დღეს აღარ არსებობენ.
რიგით 52-ე აღლუმზე, ავტომოყვარულები ნიუ–დელის ცენტრში შეიკრიბნენ. კონოტ პლეისის მოედანზე ყველა მსურველს შეეძლო საკოლექციო ავტომობილებთან ფოტო გადაეღო.
აღლუმში მონაწილეობდნენ 1933 წლის Rolls-Royce, 1934 წლის Ford, 1936 წლის Fiat, 1938 წლის Packard, 1938 წლის Mercedes-Benz, ასევე 1933 წლის Minerva, ბელგიური მარკისგან, რომელმაც არსებობა 50-იან წლებში შეწყვიტა და 1936 წლის Morris ბრიტანული კომპანიისგან, რომელიც ჩვენს დროში ასევე აღარ არსებობს.
ერთ-ერთმა მათგანმა, აშოკ ბჰატიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავისი კაბრიოლეტით, 1935 წელს გამოშვებული Austin 7 Tourer-ით გამოფენაზე ბოლო რამდენიმე წელია მონაწილეობს. ის ამბობს, რომ მიეჩვია თავის ავტომობილს და მისთვის ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს ინგლისიდან იწერს, თუმცა, ეს ძვირი სიამოვნებაა.
გარდა ამისა, ღონისძიებაში რარიტეტული მოტოციკლებიც მონაწილეობდნენ.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მრავალი საკოლექციო ავტომობილი შეძლებულმა ავტომოყვარულებმა ჯერ კიდევ 70-80-იან წლებში შეიძინეს, როდესაც ინდოეთში თავადური პრივილეგიები აიკრძალა.