29 ივნისს, მწერალ ნოდარ დუმბაძის მეუღლე – ნანული გუგუნავა 97 წლის გახდა.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ნანული გუგუნავა სოციალურ ქსელში არაერთ მილოცვას იღებს.
მშობლების ფოტოები განათავსა სოციალურ ქსელში და დედას საჯაროდ მიულოცა დაბადების დღე ნანული გუგუნავას და ნოდარ დუმბაძის ქალიშვილმა, ქეთევან დუმბაძემაც:
„ნანუ 97, დე, მთავარია არ დაიღალო“, – წერს ქეთევან დუმბაძე.

ამასთან, ქეთევან დუმბაძე ნანული გუგუნავას და მისი შვილიშვილების ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„შვილიშვილი და შვილიშვილის შვილი თოფურიძეები ნანუს ულოცავენ“.

ნანული გუგუნავამ, რამდენიმე წლის წინ, ჟურნალ „სარკესთან“ ნოდარ დუმბაძესთან დაკავშირებით რამდენიმე ეპიზოდი გაიხსენა:
„მე და ნოდარს ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა. ნოდარი დღესაც ისევე მიყვარს, როგორც შეყვარებულობის დროს. ბევრჯერ მითქვამს და არც დამიმალავს, რომ შვილებზე მეტად მეუღლე მიყვარდა. ეს დღემდე ვერ ამიხსნია. სიყვარული, რომელიც ნოდართან მაკავშირებდა, სულ სხვა იყო.
ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით. ერთხელ ლიტერატურული საღამო გაიმართა, რომელშიც ნოდარიც გამოდიოდა. მე და ჩემი მეგობარი კლუბში შევდიოდით, დერეფანი გავიარეთ, იქ ორი ბიჭი იდგა. ამ დროს მესმის: ,,შეხედე, რა საინტერესო გოგოა!”. მივტრიალდი და ხელში ნოდარი შემრჩა.
როდესაც საღამოზე გამოვიდა, მის ლექსებზე დარბაზი დაინგრა. ბოლოს ნოდარი მეგობრებმა ახლოს გამაცნეს. სხვათა შორის, თავიდან მას ერთი ჩემი მეგობარი მოსწონდა. იმ გოგოს ოჯახი სასიძოდ მდიდარ კაცს ეძებდა. ნოდარს კი, რომელიც დაკერებული შარვლით დადიოდა, მათი ოჯახი სიძედ არ ინდომებდა, სწორედ ამიტომ მათ შორის არაფერი მოხდა. მე და ნოდარი კი მეგობრები გავხდით. მალევე ეს მეგობრობა გაუთავებელ სიყვარულში გადაიზარდა. და-ახლოებით 7 თვის მერე ხელი მოვაწერეთ“…
