LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდიკო ტატიშვილი ანრი ჯოხაძისთვის გაქანებულ მუშტს ნანობს

394

ნოდიკო ტატიშვილს „ვოისის“ კულისებში რომ მივაკითხეთ, აშკარად დავინახეთ, რომ მოსაგებადაა განწყობილი. ამბობს, რომ ყველაზე ძლიერი კონკურსანტები მასთან მიდიან. როგორც ჩანს, ანრისთან განსაკუთრებული დაპირისპირება ექნება. გარეგნულად საკმაოდ მშვიდ მომღერალს აშკარად ამბიციური გეგმები აქვს.

ანრიმ გვითხრა, ნოდიკო მშვიდია ჩვენთან შედარებითო.

ნიდიკო ტატიშვილი:

ანრიმ იცის, რომ ყველაზე ძლიერი კონკურსანტები მყავს და აღარ იცის, რა თქვას ჩემზე.

რომ სცემე, კარგი იყო აბა?

(იღიმის) შემთხვევითი იყო და ამაზე დღემდე ძალიან ვნერვიულობ. პრომოს რომ ვიღებდით, რეჟისორმა ლაშა ცერიაშვილმა მთხოვა, მუშტი ისე გაუქანე, კამერამ დაინახოს, რომ ანრის შეეხოო.  მორიგი დუბლისას, თავი ბრიუს ლი რომ მეგონა, კაი გემრიელად მივარტყი. რასაკვირველია, ანრიმ არ დაიჯერა, რომ ეს შეგნებულად გავაკეთე და რატომ უნდა გამეკეთებინა?!. ცუდად მოხვდა და თვალზე ხელი მოიკიდა, ძალიან ეტკინა და ვინერვიულე. მეორე დილით მივწერე, თვალი როგორ გაქვს-მეთქი და მომწერა, გადავრჩიო. იცი, მართლა როგორ ვინერვიულე?..

რა თქმა უნდა, დარტყმა შემთხვევითი იყო, მაგრამ დაძაბულობა რომ იქნება მწვრთნელებს შორის, აშკარაა.

კონკურენცია არის, მაგრამ ერთი რამის თქმა შემიძლია. კონკურსანტებიდან ვინც აქამდე გამოვიდა, მენდობა. ნამდვილად არ შემიძლია იმის თქმა, რომელი უფრო ძლიერია ჩემს უკვე აყვანილ მონაწილეებს შორის  და ვღელავ, რინგებზე ვინ უნდა შევარჩიო. ვფიქრობ, დღესაც საუკეთესო კონკურსანტები წამოვლენ ჩემთან. ისიც ვიცი, რომ ძლიერებს სხვა მწვრთნელები წაიყვანენ, რადგან არის წესი, რომლის მიხედვითაც, ორი კონკურსანტის წაყვანა შეგიძლია, მათი, ვინც სხვა მწვრთნელმა რინგიდან გამოუშვა. პირველ ორ კასტინგზე, მხოლოდ რამდენიმე კონკურსანტს შემოვუტრიალდით ოთხივე და აქედან სამი ჩემთან წამოვიდა.

ის, რაც ანრიმ გითხრა, მართალია, მშვიდი ვარ, მაგრამ არა ისეთი, რომ მეძინოს. „ბრიტანული ვოისის“ გავლენა მაქვს. ინტენსიურად ვუყურებდი. მაშინ არც კი ვიცოდი, რომ შეიძლებოდა, წითელ სავარძელზე აღმოვჩენილიყავი.

ყველას გაუკვირდა შენი „ვოისში“ გამოჩენა ამ ამპლუაში.

გაუკვირდათ იმიტომ, რომ შვიდი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ვარ, მიმიღია მონაწილეობა საქართველოში თითქმის ყველა ცნობილ კონკურსში: „ჯეოსტარი“, „ცეკვავენ ვარსკვლავები“, „ორი ვარსკვლავი“, პირველში გავიმარჯვე, მეორესა და მესამეში ფინალში გავედი. ხალხს სულ ვახსოვარ, გთხოვთ, დამიმესიჯეთ, გთხოვთ დამიმესიჯე-თი (იცინის).

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მიმდინარეობისას პირდაპირ ეთერში ვთქვი, რომ მეტ კონკურსში აღარ მივიღებდი მონაწილეობას. საკონკურსო ასაკი აღარ მაქვს, დიდი გზა გამოვიარე, რითაც ვამაყობ. შიშველი ხელებით ვცდილობდი რაღაცების კეთებას, რითაც სულიერ, ესთეტურ სიამოვნებას მივანიჭებდი მსმენელს და მაყურებელს. მაქვს ჩემი ხაზი, მიმართულება და სტილისტიკა. მიხარია, რომ როცა ისმენენ რადიოში ჩემს სიმღერებს, იციან, რომ ეს ნოდიკოა. წელს ორი კლიპის პრემიერა მქონდა, მაქვს ალბომი. 25 წლის ასაკში ჩავატარე პირველი სოლოკონცერტი, გახლდით „ევროვიზიაზე“, რამაც ჩემი და სოფო გელოვანის კარიერაში დიდი წვლილი შეიტანა, გვაქვს ხშირი კონცერტები ევროპაში.

ახლა კი ყველაზე მთავარს გეტყვი, რატომ მოვაწერე „ვოისის“ კონტრაქტს ხელი ადვილად. რადგან ამდენ კონკურსში მიმიღია მონაწილეობა, ხუთი თითივით ვიცი, კონკურსანტი რას განიცდის და რატომ უშვებს შეცდომას. ალბათ, ამან განაპირობა ისიც, რომ ძლიერი გუნდი შევქმენი. მიხარია, რომ ეს ჭორები დადის უკვე (იცინის).

თუმცა, იმასაც დავამატებ, რომ სამივე მწვრთნელი არის ფანტასტიკური მომღერალი და დიდი პროფესიონალი, ქეთა, რაც თავი მახსოვს სცენაზე დგას, ანრის კონკურსების თვალსაზრისით, ჩემნაირი ბიოგრაფია აქვს, ნუცა შესანიშნავი მომღერალი და ადამიანია. მათთან ერთად კონკურსში ყოფნა ჩემთვის კომფორტულია, მიუხედავად იმისა, რომ არის მომენტები, როცა ანრი ძალიან ბრაზდება, როცა ჩემთან ძლიერი კონკურსანტი მოდის და ამბობს, შენ ეს წინასწარ იცოდიო. ამას, ალბათ, ხუმრობით ამბობს. აღზრდა არ მაძლევს საშუალებას, რომ ასეთ ბრალდებებს ვუპასუხო სათანადოდ. მეც მორიელი ვარ და არანაკლებ ბასრი ენა მაქვს, როცა იმსახურებენ, არავის მოსწონს, როცა ნეგატიურად ვესაუბრები, ამიტომაც ვარ მშვიდი.

გულწრფელად ვამბობ, ანრის უდიდესი გზა აქვს გამოვლილი და ძალიან დიდ პატივს ვცემ, როგორც მომღერალს. რაზეც მე ახლა ვლაპარაკობ, ეს შოუს ნაწილია. თუკი კონკურსანტს წამართმევს, მე გავბრაზდები, თუკი მე წავიყვან, ის გაბრაზდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი რამ ვთქვა.

არ მიყვარს კონკურსის დასრულება ისე, თუ არ ვარ გამარჯვებული ან ფინალისტებს შორის მაინც არ ვარ. კონკურსზე მიზანი უნდა გქონდეს, ისე, ჯობს, არ მიიღო მონაწილეობა. ამიტომ მეც მაქვს მიზანი, ვერც ერთ კონკურსანტს ვერ დავპირდები, რომ აუცილებლად გაიმარჯვებს, მაგრამ მე ცდას არ დავაკლებ, რომ ასე მოხდეს (იღიმის).

სხვათა შორის, ვფიქრობდი, რომ ჩემთან უფრო მეტი გოგონა წამოვიდოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძალიან მაგარი, პროფესიონალი ბიჭები წამოვიდნენ ჩემთან, ჯერჯერობით მხოლოდ ორი გოგონა შემხვდა. გაოცებული არ ვარ, მაგრამ გახარებული დავრჩი. ხალხისგან სითბოსა და დადებით დამოკიდებულებას ვგრძნობ. ესაა სწორედ ის მომენტი, რითაც კონკურსანტები ჩემთან წამოსვლას წყვეტს. უნდა ნახოთ, ყირაზე როგორ გადავდივართ, რომ კონკურსანტი ჩვენთან წამოვიყვანოთ. ბევრი სახალისო მომენტი დაგროვდა და ვფიქრობ, ოქტომბრის დასაწყისიდან „იმედზე“ კარგი მუსიკალური პროექტი შედგება.

პ.ს. ფოტო ეკუთვნის გიორგი ცაავას.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g