LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ ნოემბრის თვეში დაიწყება ჩვენი ტრადიციული კონცერტების სერია… ვცდილობთ, ბავშვებმა იგრძნონ, რა არის ორკესტრი” – როგორია „მუსიკალური ათწლედის“ გეგმები

120
თამუნა-მიქაძე,-ნოდარ-ჟვანია

რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტFM“ საქართველოს სახალხო არტისტი, კონსერვატორიის პროფესორი, „ნიჭიერთა ათწლედის“ დირექტორი, ნოდარ ჟვანია და „ნიჭიერთა ათწლედის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, თამუნა მიქაძე სტუმრობდნენ, რომლებმაც სამუსიკო სკოლაზე, მათ მიერ გამართულ კონცერტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ბატონო ნოდარ, პირველ რიგში, მინდა, რომ „საქართველოს სულხან ცინცაძის სახელობის ეროვნული სიმებიანი კვარტეტის“ შესახებ ვისაუბროთ…

ნოდარ ჟვანია: ჩვენი კვარტეტის თაობაზე მოსაყოლი, რა თქმა უნდა, ბევრი მაქვს. 50 წელი ვუკრავდით ერთად. ჩვენი პირველი ვიოლინო ძალიან ტრაგიკულად წავიდა, მაგრამ ჩვენ მაინც განვაგრძეთ ერთად მოღვაწეობა და დღესაც არ შეგვიწყვეტია. ვუკრავთ ბევრს… ახლა, ნოემბერში მანანა ახმეტელის ფესტივალში ვმონაწილეობთ სხვადასხვა პიანისტებთან ერთად.

ჩვენ მუსიკოსებს, რა თქმა უნდა, ცოტათი იღბალიც გვჭირდება, რაც ჩვენ ნამდვილად გვქონდა.  ჯერ ერთი, რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივად, მსოფლიო სტანდარტებზე ვუკრავდით, მაგრამ იღბალში იმას ვგულისხმობ, რომ ისეთ მუსიკოსებთან ვუკრავდით, სხვებისთვის სანატრელი რომ შეიძლება იყოს. რომ ვიხსენებ, ცრემლები მომდის ხოლმე, შეიძლება დღეს ასეთი მუსიკოსები თითზე დასათვლელიც იყოს.

მე ვთვლი, რომ ჩვენი კვარტეტი ბედნიერი იყო, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ცოტა ადრე წავიდა ჩვენგან ჩვენი საოცარი პირველი ვიოლინო, კონსტანტინე ვარდელი.

მოგვიყევით „ნიჭიერთა ათწლედის“, თქვენი საქმიანობის შესახებ. ვიცი, რომ ახლახან რეგიონებში გამართეთ კონცერტები და ამ თემაზეც ვისაუბროთ…

ნოდარ ჟვანია: მე „ნიჭიერთა ათწლედს“ სათავეში ჩავუდექი, რადგან რაღაც ხმები მომივიდა, რომ თითქოს,  „ნიჭიერთა ათწლედმა“ თავისი სახე დაკარგა და ცოტა არ მესიამოვნა, ამიტომ როცა დირექტორობის წინადადება მივიღე, დავთანხმდი და ახლა, სახე კი არა… არაჩვეულებრივ დონეზეა. ყველას, ვისაც კი ვიცნობ, მსოფლიო დონის მუსიკოსებს, ნებისმიერ ჟანრში, „ნიჭიერთა ათწლედი“ აქვს დამთავრებული. დღესაც ამ დონეზე ვართ. იმდენი ლაურეატი გვყავს, ხანდახან მრცხვენია, ბავშვების სიას რომ ვკითხულობ, პატარები, დიდები, ისეთ კონკურსებში მონაწილეობენ,  ვწითლდები ხოლმე. ზოგადად, ეს ბედნიერება გვხვდა ჩვენ, საქართველოს, რომ ხელოვნებაში, მხატვრობაში, მუსიკაში, ყველგან საოცარი ბავშვები გვყავს. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული სკოლაა ჩვენი „ნიჭიერთა ათწლედი“. ბევრი რამ კეთდება, დავდივართ ფესტივალებზე, რეგიონებში.

თამუნა მიქაძე: პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ  უდიდესი ბედნიერებაა ბატონ ნოდართან და ქალბატონ ესმა ქირიასთან ერთად მუშაობა.

რაც შეეხება „ნიჭიერთა ათწლედს“ და პროექტს „ბავშვები ბავშვებისთვის“, აღნიშნული პროექტის იდეა ორკესტრის ხელმძღვანელს, ქალბატონ ირინა ოდიშარიას გაუჩნდა და ჩვენ ეს პროექტი პირველად 2019 წელს განვახორციელეთ და აჭარის მაღალმთიანი რეგიონების დაახლოებით 8 სოფელი მოვიარეთ და ისეთ სოფლებში ვიყავით, რომ საკმაოდ რთული იყო ეს მაშინ, რადგან ძნელად მივდიოდით ტრანსპორტით, არ იყო გზა, საკონცერტო დარბაზები, მაგრამ იყვნენ არაჩვეულებრივი ბავშვები, მათი ანთებული გულები, სახეები. საოცრად გაოცებულები იყვნენ, რადგან ესენი იყვნენ ბავშვები, რომლებმაც მაშინ პირველად ნახეს კლასიკური მუსიკის საკრავები, პირველად მოისმინეს კლასიკური მუსიკა და მაშინ ძალიან დიდი წარმატებით შედგა ეს პროექტი. ამის შემდგომ ჩვენ ისევ გაგვიჩნდა ამის სურვილი, უბრალოდ, პანდემიის პერიოდში ვერ განვახორციელეთ და წელს „კულტურის სამინისტროს“ მხარდაჭერით მოგვეცა საშუალება და ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ჩანაფიქრის განხორციელება. ამ შემთხვევაში ჩვენ გურიისა და აჭარის რეგიონის საჯარო სკოლებს და კულტურის სახლებს ვესტუმრეთ. დაახლოებით, 7-8 კონცერტი გვქონდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით მოხდა ახლომდებარე სოფლებიდან, საჯარო სკოლებიდან ბავშვების ჩამოყვანა კონკრეტულად იმ კონცერტებზე, რომლებიც ჩვენ გავმართეთ. დაახლოებით 15 სოფლიდან ჩამოსული ბავშვები ესწრებოდნენ ჩვენს კონცერტებს. მართლა უდიდესი საქმე გაკეთდა. ისეთი სახეებით და ისეთი შთაბეჭდილებებით იყვნენ ის ბავშვები, მართლა ძალიან ემოციური მომენტები იყო, რამდენიმე ბავშვი გამოგვეტირა კიდეც. ამ პროექტმა გააკეთა ის, რომ პირველ რიგში, შედგა ინტეგრაცია და კომუნიკაცია, ის იდეები რაც ჩვენ გვქონდა, განვახორციელეთ, რადგან კონცერტის შემდგომ თითოეული დამსწრე ბავშვი მოდიოდა და კითხულობდა ვიოლინოს, ჩელოს და ა.შ. შესახებ. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ ბავშვს გაუჩნდა სურვილი, რომ ისინიც ეზიარონ აკადემიურ მუსიკას. პროგრამა საოცრად მრავალფეროვანი გვქონდა. ჩვენ მსმენელს მსოფლიო მუსიკის ისტორიიდან ვთავაზობდით ფრაგმენტებს და პირველ რიგში, საქართველოს ჰიმნის შესრულებით ვიწყებდით კონცერტებს, რაც ძალიან ემოციური იყო. შემდგომ ბაროკოს ეპოქის მუსიკის გაცნობაზე გადავდიოდით, მას მოჰყვებოდა კლასიციზმის ეპოქის კომპოზიტორები, რომანტიზმი, შემდგომ მეოცე საუკუნის ამერიკული მუსიკა, ფრაგმენტები კინო მუსიკიდან, მიუზიკლებიდან და ა.შ. პროგრამის მეორე მონაკვეთი ქართული მუსიკის, ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებების იყო. ბოლოს ქალბატონმა ირინა ოდიშარიამ გააკეთა ხალხური მუსიკის პოპური. ბოლოს ხალისიანი მუსიკით, სასიხარულო ტალღაზე ვასრულებდით.

ნოდარ ჟვანია: ვამაყობ ამ ბავშვებით, ვგიჟდები ისე მიყვარს. როდესაც რომელიმე ბავშვი წარმატებას აღწევს, ეს ჩემთვის ძალიან საამაყოა. „ნიჭიერთა ათწლედს“ და ზოგადად, მუსიკალურ სკოლებს ის პრივილეგია და პლუსი აქვს, რომ შეიძლება ყველა ბავშვი ვარსკვლავი არ გამოვიდეს, მაგრამ ისინი არაჩვეულებრივ ადამიანებად ყალიბდებიან. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ბავშვებს სწავლება გავუმარტივოთ. მინდა, ძველი ათწლედის ტრადიციები, სკოლა აღვადგინო, რომ საშუალო სკოლა იქ გაიარონ, რადგან ბავშვები ჩვენთან სკოლის შემდეგ დაღლილები მოდიან ხოლმე, ზოგჯერ განრიგიც ემთხვევა და ბავშვები ძალიან წვალობენ. წარმოიდგინეთ, რამდენად უყვართ ეს საქმე, რომ უძლებენ. აქვე, დიდ მადლობას გადავუხდი „კულტურის სამინისტროს“, რადგან ყველაფრის განხორციელებაში ისინი გვეხმარებიან.

როგორია სამომავლო გეგმები?

თამუნა მიქაძე: ნოემბრის თვეში დაიწყება ჩვენი ტრადიციული კონცერტების სერია, შემდგომ უკვე საგაზაფხულო კონცერტების სერია. ნოემბერ-დეკემბრის თვეში დაახლოებით 15 კონცერტი გვაქვს დაგეგმილი. იქნება სოლო კონცერტები, კამერულ-ინსტრუმენტული კლასის კონცერტები. აღნიშნული კონცერტები ტრადიციულად კონსერვატორიის დიდ და მცირე დარბაზში და თბილისის სხვადასხვა საკონცერტო დარბაზებში იქნება. იმდენად ბევრი კარგი ბავშვი გვყავს, რომლებიც მზად არიან კონცერტზე გამოსასვლელად, რომ ჩვენი პრობლემა ის არის ხოლმე, რომ საკონცერტო დარბაზები არ გვყოფნის.

ნოდარ ჟვანია: ბედნიერება ის არის, რომ ჩვენ ვცდილობთ, ბავშვებმა იგრძნონ, რა არის ორკესტრი. წელიწადში 3-4-ჯერ ვატარებთ კონცერტებს ორკესტრის თანხლებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები