ადგილობრივი წარმოების წახალისება არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პანდემიის შემდგომ პოსტკრიზისულ პერიოდში. დღევანდელი დღე არის სიმბოლური ჩვენთვის, რადგან გადავლახეთ პირველი სირთულე, რაც დაკავშირებული იყო გლობალურ პანდემიასთან, მთავრობა მართავს კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებს და ბიზნესს აძლევს მწვანე შუქს, რომ განვითარდეს და დაასაქმოს ადამიანები, – ამის შესახებ ნათია თურნავამ კომპანია „ნოვას“ სამშენებლო და სარემონტო მასალების ახალი მეგაცენტრების გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. მეგაცენტრები თბილისსა და ბათუმში გაიხსნა და დამატებით 120 ადამიანი დაასაქმა.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საამაყოა, რომ „ნოვას“ დიდ სავაჭრო ცენტრში დიდწილად წარმოდგენილია მათივე, საკუთარი წარმოების და ასევე, ზოგადად ქართული წარმოების საშენი მასალები, რაც კომპანიის მთლიანი გაყიდვების თითქმის ნახევარია.
„ნოვას“ წარმოება მხარდაჭერილია სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიერ და ჩვენ, ზოგადად, ძალიან დიდ აქცენტს გავაკეთებთ შემდგომშიც საკუთარ რესურსზე დაყრდნობილი წარმოებების მხარდაჭერაზე. საშენ მასალათა ინდუსტრია არის ერთ-ერთი ის მიმართულება, სადაც საკუთარი რესურსის გამოყენებით შეგვიძლია ძალიან სერიოზულად შევამციროთ დამოკიდებულება იმპორტზე, მოვამარაგოთ საკუთარი ბაზარი და გავზარდოთ საექსპორტო მოცულობები. იგივეს თქმა შემიძლია კვების მრეწველობაზე, სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელ მრეწველობაზე, სხვა დარგებზე, მაგრამ საშენ მასალათა ინდუსტრია არის ერთ-ერთი გამორჩეული ამ თვალსაზრისით“ ,- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „ნოვას“ წარმოების საფუძვლების გამყარებაში დიდი წვლილი შეიტანა სახელმწიფო პროგრამამ „აწარმოე საქართველოში“ – 2017 წელს 7500 კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენებული ახალი საწარმოს აშენება – აღჭურვისთვის კომპანიამ საწარმოო სიმძლავრეების გასავითარებლად 4 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 2 მილიონი დოლარი „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინანსებით განახორციელა.
კომპანიის საწარმოებში, საგამოფენო დარბაზებსა და სასაწყობო მეურნეობებში ამჟამად 430 ადამიანია დასაქმებული, უშუალოდ თბილისისა და ბათუმის სავაჭრო ცენტრებში კი 120 ადამიანი მუშაობს. სამშენებლო და სარემონტო მასალების ორი ახალი მეგაცენტრის პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და თიბისი ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. მეგაცენტრების მოწყობას ჯამში 3 მილიონი ლარი დასჭირდა.