LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნუ იქნებით “პერეკისის” იმედად, შეიძლება თქვენთვის საყვარელი ადამიანები გართულებების დიდი რისკის ქვეშ მოხვდნენ”

maruanu

ჯანდაცვის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის მაგისტრანტი მარიამ ქასრაშვილი ქვეყანაში გრიპის ვირუსის გავრცელებაზე და არსებულ პანიკას ეხმაურება. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, აუცილებელია პრევენციისთვის აცრა, დაავადებულის სახლში დარჩენა და სწორი მკურნალობა.

ქასრაშვილი მინისტრს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მან პანიკის წინააღმდეგ რაიმე უნდა მოიმოქმედოს.

“ქვეყანაში გრიპის ეპიდემია არა, მაგრამ პანიკა ნამდვილად არის.

  1. ეს არის გრიპის სეზონური გავრცელება. მსოფლიოში 3-5 მილიონამდე შემთხვევაა, ყოველწლიურად ამ პერიოდში. მაღალი რისკის ჯგუფებში შეიძლება ლეტალური გამოსავალიც იყოს. (ორსულები, მოხუცები, ბავშვები, სუსტი იმუნური სისტემისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები). როგორც დადასტურდა, ქვეყანაში A ტიპის ვირუსი, კერძოდ კი, H1N1 ცირკულირებს.
  2. ეს არ არის პანდემიური გრიპი. პანდემიური გრიპი იშვიათად, დაახლოებით სამ-ოთხჯერ ვლინდება საუკუნეში. 2009 წელს H1N1 ნამდვილად ითვლებოდა პანდემიურ გრიპად, მაგრამ ბევრი რამ შეიცვალა ამ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში.
  3. დაავადების დასაწყისში შეიძლება აღინიშნოს შემცივნება, ცხელება, თავის ტკივილი, მიალგია, რესპირაციული სიმპტომები. ბავშვებში დაავადებას შესაძლოა, ახლდეს გულისრევა და ღებინება. დაავადების პროგრესირებას ახლავს რესპირაციული სიმპტომების გამძაფრება.
  1. რიგ შემთხვევებში, გრიპმა შესაძლოა, გაამწვავოს ფონური ქრონიკული დაავადებები, გართულდეს პირველადი ვირუსული ან მეორადი ბაქტერიული პნევმონიით ან სხვა ინფექციებით.
  2. საწყის ეტაპზე გადაწყვეტილება კლინიკური ტაქტიკის შერჩევისთვის, უნდა ეყრდნობოდეს კლინიკური სურათისა და ეპიდსიტუაციის მონაცემებს. დაუშვებელია გადაიდოს სამკურნალო ჩარევა ლაბორატორიული კვლევის მონაცემთა მიღებამდე. ამ შემთხვევაში, უმჯობესია მიმართოთ ოჯახის ექიმებს და გართულებაზე ეჭვის შემთხვევაში, გადაინაცვლოთ სტაციონარში.
  1. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, გრიპის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად ითვლება, გრიპის საწინააღმდეგო ვაქციანაცია. გრიპის საწინააღმდეგო აცრა რეკომენდებულია ყველა ასაკობრივ ჯგუფში (ბავშვებში 6 თვიდან), განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე პირებისთვის. დიახ, ნუ იქნებით “პერეკისის” იმედად და ნუ მოვუსმენთ “მხეცის ნიშანია აცრებში” ხალხს. ამ მითების მოსმენით შეიძლება, თქვენთვის საყვარელი ადამიანები გართულებების დიდი რისკის ქვეშ მოხვდნენ.
  2. თუ გაქვთ გრიპის სიმპტომები მსუბიქი ფორმითაც კი, დარჩით სახლში! ნუ იქნებით გამავრცელებელი! იზრუნეთ გარშემომყოფებზე, განსაკუთრებით კი, იმ ადამიანებზე, ვისთვისაც თქვენი უბრალო “გაციება” ძალიან რთული პრობლემების გამომწვევი შეიძლება გახდეს. მშობლებო, “2 დღეა უკვე აღარ გვაქვს სიცხე და სურდო კი აქვს, მაგრამ მაინც გამოვუშვი, არ ჩამორჩეს ბავშვი”, არის დანაშაული!
  3. ლუგარის ლაბორატორიაზე მითები არის რუსული პროპაგანდის ძალიან კარგი იარაღი. არც ეს ისტერიკაა შემთხვევითი, არც ფსევდოინტელექტუალური სტატიები და ყველა, ვინც ამ არანორმალურ ფრაზებს იმეორებს, ემსახურება კრემლის ინტერესებს.
  4. მიჩნდება კითხვა – ჯანდაცვის სამინისტროს მოვალეობაში არ შედის პანიკის წინააღმდეგ “რამის გაკეთება”? როგორც ქეცბაია იტყოდა, “მოძრაობა გამიკეთეთ…”. სერგეენკოს მინისტრობის ხარისხზე ჩემი მოსაზრება იცით, მაგრამ ამ სიტუაციაში 800-ჯერ მეტი პასუხისმგებლობა ენიჭებათ. “წამლებს ვარიგებთ, პანიკას არ აყვეთ” – არ შველის სიტუაციას!!!
  5. რაც შეეხება “ტამიფლუს”. მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებს გრიპის გართულების გარეშე მიმდინარეობისას და გრიპის საეჭვო დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს უნდა დაენიშნოს “ოსელტამივირი” ან “ზანამივირი”. “ტამიფლუს” აქტიური ნივთიერება არის სწორედ “ოსელტამივირი” და აქაც სამინისტროს არაპროფესიონალური მიდგომის ბრალია, რომ საზოგადოებაში 8-ჯერ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა, ვიდრე ნორმალური ინფორმირებულობის შემთხვევაში იქნებოდა!

პ.ს. დიდი ხანია ვამბობ, ჯანდაცვის სისტემა კომაშია და დიახ “ყველაზე წარმატებული მინისტრი” ამ კომას უფრო აღრმავებს. სანამ ყველას არ შეეხო პრობლემა, მანამდე ვერ “იგრძენით”. როდესაც მთელ მსოფლიოში პროფილაქტიკისკენ და პრევენციისკენ მიდის საქმე, ჩვენ “პერეკისის”, სოდისა და სარეცხი საპნის აქტუალურობაზე ვხარჯავთ დროს. მადლობა ყურადღებისთვის,” – წერს მარიამ ქასრაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g