LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნების“ ყველაზე წარმატებული პრემიერი პოლიტიკაში კვირის ბოლომდე დაბრუნდება – იქნებიან თუ არა სპორტსმენები მის გუნდში?

4700
gax

ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პოლიტიკაში მეორედ მოსვლას დიდი ალბათობით, კვირის ბოლომდე ვიხილავთ.

ამბობენ, ყოფილ პრემიერს პარტიის პრეზენტაცია ღია სივრცეში აქვს დაგეგმილი და ლამაზად იქნება ყველაფერი გაფორმებულიო.

თუმცა შესაძლოა, რომ ამინდმა ხელი შეუშალოს გახარიას ამ გეგმას და ალტერნატიული გზაც აქვს დაგეგმილიო.

გაჟღერდა, რომ ყოფილი პრემიერის გვერდით ვიხილავთ ძმებ არველაძეებს და ძალოსან ლაშა ტალახაძეს. გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ და სიცრუეს უწოდებენ ძმები არველაძეები.

იმასაც ამბობენ, რომ გახარია შესაძლოა, მერობის კანდიდატად ვიხილოთ.

გავრცელებული ინფორმაციით, გახარიას დაგეგმილი ჰქონდა, რომ პარტიის პრეზენტაცია 26 მაისს გამართულიყო, თუმცა გადაწყვეტილება შეცვალა და გუნდის პრეზენტაცია შაბათს, 29 მაისს, ექვს საათზე მოხდება.

მნიშვნელოვანია, როგორ ნაბიჯებს გადადგამს პოლიტიკაში დაბრუნებული „ოცნების“ ყველაზე რეიტინგული პრემიერი.

 

 

დაკარგავს ხმებს, თუ რეიტინგი კიდევ უფრო მოემატება, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკაში მეორედ მოსვლის პირველი ნაბიჯები.

როგორ ხედავენ ექსპერტები გახარიას პირველ ნაბიჯებს და რა შემთხვევაში იქნება ეფექტიანი გახარიას დაბრუნება, კითხვით „ფორტუნამ“ ექსპერტებს მიმართა. 

 

უნდა იბრძოლოს თუ არა დედაქალაქის მერობისთვის 

 

„პრემიერობიდან წავიდა და მაღალი დონიდან წასვლისას არ ბრუნდებიან დაბალ დონეზე. ასეთი მოვლენა იშვიათია. მგონია, მერობის კანდიდატად თავის თავს არ დაასახელებს.

პრემიერობიდან მერობამდე ძალიან დიდი უკანდახევა არ იქნება, მაგრამ  როგორც მერობის კანდიდატს საკმაოდ ძლიერი კონკურენტი გაუჩნდება კახა კალაძის სახით. თან მერობა სამეურნეო საქმიანობას მოიცავს. მისი გადადგომის ფაქტი  პოლიტიკური აქტი იყო და ამდენად, მისთვის პოლიტიკური რეალობები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სამეურნეო რეალობები,“- ამბობს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე.

 

 

„პრემიერი იყო და უცებ მერობის კანდიდატად რომ წარდგეს, ჩამოქვეითება იქნება და გარდა ამისა, გაუჭირდება გამარჯვება. თან შესაძლოა, ის დაუპირისპირდეს ერთ დროს თანამებრძოლსა და მეგობარ კახა კალძეს. არ იქნება ეს კარგად აღქმული და გარდა ამისა, ახალდაარსებულ პარტიას არ ექნება ისეთი რეიტინგი.

გარდა ამისა მას ძლიერი გუნდი უნდა ჰქონდეს და ფინასებიც უნდა ჰქონდეს. და პირველ რიგში აქცენტი უნდა გააკეთონ მომავალზე“. – აცხადებს „ფორტუნასთან“ საუბარში  ექსპერტი ნიკა ჩიტიძე.

 

პოლიტიკაში შემოსვლის გზა

 

„ყველაზე უპრიანი იქნება, ადეკვატური ნაბიჯები გადადგას. დღეს სულ სხვა მოცემულობა გვაქვს.

ოპოზიცია გადავიდა საპარლამენტო რეჟიმში.  ის ოპოზიცია აღარ არსებობს, რომელიც „ოცნებას“ დაემუქრა, გაგანადგურებთო.

მეორე მხრივ გაჩნდა „ოცნების“ ოპოზიციური მეორე ფრთა და ისინი ერთიანდებიან ჰესის პრობლემატიკის გარშემო. არის ე.წ. რადიკალური ოპოზიციის ფრთა. მათ შორის ლევან ვასაძის, რომელმაც პოლიტიკაში შემოსვლის განაცხადი გააკეთა.

ამ მოზაიკაში გახარიასთვის ყველაზე უპრიანია თავისი ხაზი გამოკვეთოს. ეს კონცეპტუალურად არაა იოლი საქმე. გახარია უფრო არის ევროპაზე ორიენტირებული. უფრო მემარჯვენე განსხვავებით უცნობისგან და ამავე დროს ზომიერი სტილის პოლიტიკოსინ განსხვავებით „ნაციონალებისგან“.- ამბობს ექსპერტი.

 

 

არის თუ არა გახარია „ივანიშვილის პროექტი“

 

„პროექტის იდეა პოლიტიკაში დიდად პროდუქტიული იდეა არაა. ბოლშევიკური რევოლუცია გერმანელების პროექტი იყო. პროექტი განვითარდა იქამდე, რომ მერე გერმანია დაამარცხა იგივე ბოლშევიკებმა.

პროექტები პოლიტიკაში დიდხანს ვერ ძლებენ. ესა თუ ის პროექტი სახეს იცვლის. მეორეც ჩემთვის სულ ერთია იქნება გახარია „ივანიშვილის პროექტი“, თუ არა. მკაფიოდ არ მესმის ეს საკითხი რატომაა ასეთი აქტუალური.

იქნებ ისე დადგეს საკითი, რომ ქვეყანას გამოადგეს  „გახარიას პროექტი“, თუნდაც მისი ავტორი იყოს ივანიშვილი. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ქვეყანას გამოადგება ზომიერი სტილის, ევროპაზე ორიენტირებული მემარჯვენე ორიენტაციის,  ენერგიული პოლიტიკური ფიგურა, რომელიც მრჩეველებს უსმენს. პირველი რაუნდი გახარიამ იმით მოიგო, რომ ყური დაუგდო ექიმებს და სხვებისთვის ყურისდამგდები ადამიანი ქვეყანას გამოადგება და ქვეყანას თუ გამოადგება, სიმართლე გითრათ, არ მაინტერესებს, ვისი პროექტი იქნება,“- ამბობს რამაზ საყვარელიძე.

 

 

იგივე თემაზე განსხვავებული მოსაზრება აქვს ექსპერტ ნიკა ჩიტაძეს. ის ამბობს, რომ აუცილებელია, გახარია დამოუკიდებელი მოთამაშე იყოს. 

„მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში გახარიას მიმართ  დადებითი ემოციები არსებობს. ბევრი გახარიას ძლიერ ლიდერად აღიქვამს. მგონია, რომ ის უნდა იყოს ნეიტრალური მოთამაშე და უნდა დაგვარწმუნოს და დაგვანახოს, რომ არავის თამაშს თამაშობს.  აქვს პრეტენზია, რომ არის მესამე ძალა და ამავე დროს, არის გარკვეული მითქმა-მოთქმა, რომ ივანიშვილის პროექტია. ამაში უნდა გადაგვარწმუნოს“, – ამბობს ექსპერტი.

 

დააგვიანა თუ არა „მეორედ მოსვლა“

 

„ველოდი, რომ უფრო ადრე გამოჩნდებნოდა, მაგრამ რაღაც პროცესებმა ხელი შეუშალა. მგონია, რომ „დაამუხრუჭა“ გამოჩენა, იმისთვის რომ დაენახა ის მოზაიკა, რომელიც არსებობს, ანუ პოლიტიკური ძალების განლაგება.

ვინც შემოსასვლელი იყო ქართულ პოლიტიკაში, ყველა შემოვიდა. მგონი ადამიანი აღარ დარჩა, ვინც რომელიმე  პოლიტიკურ პარტიაში არაა შესული.

თუ კიდევ გააჭიანურა პოლიტიკაში შემოსვლა, უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ დააგვიანებს შემოსვლას,“- ამბობს საყვარელიძე „ფორტუნასთან“.

 

 

სპორტსმენები პოლიტიკაში

 

„არველაძეები და ტალახაძე პარტიაში – არ იქნება ასეთი სვლა გამართლებული. პოლიტიკაში უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ იმუშავებენ კონკრეტული კანონების შექმნაზე, რომლებიც იმუშავებენ ეკონომიკურ განვითარებაზე.

პარლამენტი, პირველ რიგში, ეკონომისტებითა და იურისტებით უნდა იყოს დაკომპლექტებული.

პირადად მე, ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ და ვთვლი, რომ არველაძეები დიდი ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ პოლიტიკაში თავი უფრო სხვა პროფესიის ადამიანებმა უნდა დაიმკვიდრონ“. – ამბობს ნიკა ჩიტაძე „ფორტუნასთან“.

 

„ფორტუნა“ გიორგი გახარიას პარტიის პრესსამსახურს დაუკავშირდა. ჩვენს კითხვაზე, კვირის ბოლომდე ვიხილავთ თუ არა ყოფილი პრემიერის ახალ გუნდს, გვიპასუხეს:

„გავრცელებულ ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ დაგიდასტურებთ. თუ გადაწყდება პარტიის პრეზენტაცია კვირის ბოლომდე გაიმართოს, ცოტა ხნით ადრე შეგატყობინებთ“.

 

გახარიას გუნდის წევრების მიმართ ადგილი ჰქონდა ზეწოლის ფაქტებს: ხოჯევანიშვილის განცხადება

 

შენიშვნა:

სტატიის სათაური  ” „ოცნების“ ყველაზე წარმატებული პრემიერი პოლიტიკაში კვირის ბოლომდე დაბრუნდება – პრეზენტაცია ღია ცის ქვეშ და ძმები არველაძეები გუნდში – რას ველით გახარიასგან ” –  შეცვლილია როგორც  „ოცნების“ ყველაზე წარმატებული პრემიერი პოლიტიკაში კვირის ბოლომდე დაბრუნდება – იქნებიან თუ არა სპორტსმენები მის გუნდში?

სტატია გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდის შესახებ მედიაში გავრცელებულ სხვადასხვა ინფორმაციას, საზოგადოებაში არსებულ მოლოდინებსა და ამ ვერსიების შესახებ ანალიტიკოსების მოსაზრებებს აერთიანებს. მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ სტატიაში მითითებულია ამის შესახებ, მასალის სათაურში ძმები არველაძეების მოხსენიება, თავად სპორტსმენებმა აღიქვეს, როგორც “ფორტუნას” მტკიცება მათი პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ სტატიაში მხოლოდ უკვე გავრცელებულ ვერსიებზე იყო საუბარი, ვითვალისწინებთ შოთა არველაძის გამოხმაურებას და ვცვლით სათაურს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g